ახალი ამბები

კახეთში კინოპროექტი იწყება

 პირველად, დიდი პაუზის შემდეგ, 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 19 რეგიონში მაყურებელი წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავს. კინოჩვენებები გაიმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ეკრანებითა და პროექტორებით აღიჭურვა. 23 ივლისდან, ყოველ ხუთშაბათს, ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება. კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული, ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ნაცნობი ფილმები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე წარმატებას მიაღწიეს. კახეთში კინოჩვენებები გაიმართება ყვარლის კულტურის სახლში, დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრში, თელავის ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლსა და ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრ „სინემაში“. 
ფილმების ჩამონათვალი ასე გამოიყრება: „კრედიტის ლიმიტი“ – რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი; „მანდარინები“ – რეჟ. ზაზა ურუშაძე; „გრძელი ნათელი დღეები“ – რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი; „მე ვარ ბესო“ – რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე; „პატარძლები“ – რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი; „სიმინდის კუნძული“ – რეჟ. გიორგი ოვაშვილი; „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟ. ლევან კოღუაშვილი; „ყარასტანში დაკარგულნი“ – რეჟ. ბენ ჰოფკინსი.