ფოტოკონკურსში “ეს თელავია” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, გარდა სამი გამარჯვებული კონკურსანტისა, შეირჩა სპონსორის სიმპათია, გიორგი ბეჟანიშვილის ნამუშევარი, რომელსაც ფასიანი საჩუქარი გადაეცა:
,,კონკურსში 10 ავტორი მონაწილეობდა, რომლებმაც 45 ფოტო წარმოადგინეს. ძირითადი თემა იყო ქალაქის თელავის ხედები. პირველი ადგილის მფლობელს, საბა სულხანიშვილს გადაეცა 300 ლარი, მეორე ადგილზე გასულ ახალგაზრდას ირაკლი იაგორაშვილს 200, ხოლო მესამე ადგილის მფლობელ გიორგი ჩეკურიშვილს 100 ლარი. 10 ავტორიდან, რომლებმაც კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ქალაქის მერიის ინიციატივით გამოვავლინეთ დამატებით 8 ავტორის ფოტო, რომელიც სხვა გამარჯვებულების ნამუშევრებთან ერთად მოხვდება მომავალი წლის კალენდარზე. გვინდა, რომ 2016 წლის კალენდარი მზად გვქონდეს ერეკლეობის დღესასწაულისთვის შემოდგომაზე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქალაქის და ფოტოხელოვნების პოპულარიზაციას. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს იქცეს ტრადიციად და იმედი მაქვს, რომ შემდეგში მეტი ფოტოგრაფი და მოყვარული ჩაერთვება პროგრამაში და საპრიზო ფონდიც გაიზრდება”, – განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.
ქალაქ თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, კონკურსის მიზანი თელავის ფოტობანკის გამდიდრება და ფოტოგრაფიის წახალისება იყო:
,,თელავში პირველად ჩატარდა მსგავსი კონკურსი და მისი მიზანია, შეიქმნას ამ ეპოქის ისტორია. გარდა ამისა, მეტ ახალგაზრდას მიეცემა საშუალება თავის წარმოჩენის და იმის, რომ ჩაერთოს სასიკეთო საქმეში. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ფოტოგრაფიის მიმართულების განვითარებას,”– განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონკურსი 6 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს, 14 წლის ასაკიდან შეეძლო.