სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამუშაოები მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მისი ღირებულება 1,344.102.47 ლარია.
მუნიციპალური განვითარების ფონდი წარმომადგენლების თქმით, პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა, კერძოდ, იმ ციხე-სიმაგრის ტიპის საცხოვრებელი სახლებისთვის, რომლებიც თავისი უნიკალური და გამორჩეული არქიტექტურიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ამასთან, პროექტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ცენტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კახეთის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და სოფელი დართლო დამთვალიერებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა თავის პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
,,დართლოს რეაბილიტაციის პროექტი საქარველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოამზადა. აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. დართლო კავკასიის რეგიონში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილია. სოფელი დართლო, ისევე როგორც მთელი თუშეთი, ღირსშესანიშნავია თავისი ალპური ლანდშაფტების არაჩვეულებრივი სილამაზით. მას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თავისი მრავალრიცხოვანი, იშვიათი, ენდემური მცენარეული სახეობებიდან გამომდინარე. პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენს დართლოს მიმზიდველობაზე. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციის გარეშე დართლო ტურისტებისთვის მიმზიდველობასა და დიდ ტურისტულ პოტენციალს დაკარგავდა. შესაბამისად, დართლოს რეაბილიტაციას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ტურისტული პოტენიცალის გაზრდისა და განვითარებისთვის”,- აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
პროექტის ფარგლებში, სახლების რეაბილიტაციის გარდა, გარე ინფრასტრუქტურა და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა.