ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანების საქმეთა სამსახური გარდაცვლილის ოჯახს დაეხმარება
“სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის ოჯახის წევრზე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოიყოფა სარიტუალო მომსახურების თანხმა შემდეგი ოდენობით: ქალაქ თბილისში – 350 ლარი, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარი”, – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ვეტერანის პირველი რიგის კანონით ერთ-ერთ მემკვიდრეზე ან სამკვიდრო მოწმობის მფლობელზე სამსახურის ბიუჯეტის ასიგნებებიდან გაიცემა ასევე ერთჯერადი დახმარება 500 ლარის ოდენობით.
,,ფულადი დახმარება ოჯახს გადაეცემა მეორე მსოფლიო ომის; სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილის გარდაცვალებისას. დახმარების მიღების მიზნით გარდაცვლილის ოჯახის წევრმა სამსახურში უნდა წარადგინოს: განცხადება სამსახურის დირექტორის სახელზე, გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობა (მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, ცნობა პოლიციიდან მოწმობის დაკარგვის შესახებ), განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები დაგარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებლად ან კანონით/ანდერძით მემკვიდრეობით დახმარების მიღების მიზნით, სამსახურში აგრეთვე უნდა იქნეს წარდგენილი: გარდაცვლილის შვილის შემთხვევაში, დაბადების მოწმობის ასლი; გარდაცვლილის მეუღლის შემთხვევაში, ქორწინების მოწმობის ასლი; გარდაცვლილის მშობლის შემთხვევაში, გარდაცვლილის დაბადების მოწმობის ასლი; კანონით ან ანდერძით მემკვიდრის შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობა. ოჯახის წევრს 500 ლარიანი დახმარების მიღების უფლება აქვს 2015 წლის შემდგომ გარდაცვლილ ვეტერანზე, პირის გარდაცვალებიდან ერთი წლის განმავლობაში”,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.