წყლის მრიცხველების თანხას მოსახლეობა აღარ გადაიხდის
სემეკის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, თუ აქამდე სახლში მრიცხველის დამონტაჟებისთვის მოქალაქეები 100 ლარს იხდიდნენ, ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული თანხების გადახდა კომპანიების ვალდებულება ხდება.
„ახლა მრიცხველის დამონტაჟებაზე არის გამანაწილებელი კომპანიის პასუხისმგებელი და მომხმარებელი არ არის ვალდებული, თვითონ შეიძინოს მრიცხველი და უზრუნველყოს მისი დამონტაჟება. კომისია აზუსტებს მოხმარება-მიწოდების წესებს, რომელიც მრიცხველის მონტაჟის რეგულაციებს ითვალისწინებს. განისაზღვრება მრიცხველის დამონტაჟების ვადა, თუმცა მთავარია, მრიცხველი არის უფასო და იგი კომპანიამ თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს კომისიის მიერ დადგენილ ვადებში. ჩვენ დაწყებული გვაქვს საჯარო წარმოება. ვფიქრობთ, რომ თვის ბოლომდე კომისია ამ აქტს მიიღებს. ჯერჯერობით გათვალისწინებულია 15 კალენდარული დღე, თუმცა შეიძლება განხილვების შედეგად ეს ვადა შემცირდეს”,- განაცხადა გადაცემა “მოამბეში” ირინა მილორავამ.
მისივე თქმით, გამანაწილებელი კომპანიის ვალდებულებაა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების კუთვნილ სახლამდე წყალმომარაგების ქსელის მიყვანა და მრიცხველის დამონტაჟება, შიდა გაყვანილობაზე კი აბონენტმა უნდა იზრუნოს.
მილორავას განმარტებით, ცვლილება იმოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, რადგან ეს არის ნორმატიული აქტი და შეეხება წყალმომარაგების ყველა ლიცენზიანტს.