ახალი ამბები

სოციალური კამპანია “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება” გრძელდება

აქციაში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად თეატრის ახალგაზრდა მსახიობები ჩაერთვნენ. აქციაში მონაწილეობა ქალაქ თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემაც მიიღო. 
მისი თქმით, კამპანიის ჩატარება მნიშვნელოვანია და ის ავარიების რიცხვის შემცირებას შეუწყობს ხელს.
კამპანიის ფარგლებში, მსახიობებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენლებმა, ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით მძღოლებსა და მოქალაქეებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული სპეციალური საინფორმაციო ფლაერები და ბუკლეტები დაარიგეს.
“კახეთის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კამპანიას – “საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება” მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების სხავადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში”, – განუცხადეს knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში კახეთის რეგიონში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 503 ადამიანი დაშავდა, ხოლო 57 დაიღუპა.