პროფესიულ სასწავლებლებში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები დაფუძნდება
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ლაბორატორიები აღიჭურვება თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიებით და კომპიუტერულად კონტროლირებადი ინსტრუმენტებით.
თამარ სანიკიძის უწყების ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ,,ფაბლაბების“ შექმნა გაზრდის პროფესიული განათლების ხარისხს და პროფესიულ სტუდენტებს განუვითარებს ისეთ კომპეტენციებს, რომლებიც დაეხმარება მომზადებულ კადრებს, ადგილი დაიმკვიდრონ სწრაფად და მუდმივად ცვალებად საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე.
,,ფაბლაბების“ შექმნის მიზანია: მაღალკვალიფიციური, საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე კადრების მომზადება; მსოფლიო კლასის ინდივიდუალური და ტრადიციული პროდუქტის წარმოების განვითარება; ახალი თაობის სამეცნიერო და საინჟინრო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობა; მაღალი დონის, ინოვაციური ხასიათის ტექნოლოგიური იდეის განვითარება და მისი შემდგომი კომერციალიზაციის ხელშეწყობა; ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაჩქარება და მისი მდგრადი განვითარება”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.