ქართული მატყლი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გავა
“ეს საცდელი პარტია იქნება. ხელშეკრულების თანახმად, აგვისტოში Curtis wool direct limited-ს 25 ტონა გაურეცხავი და დაუმუშავებული, მაგრამ სუფთა მატყლი უნდა მივაწოდოთ. ფასი განსაზღვრულია. 1 კგ-ში 1,05 აშშ დოლარს გადაგვიხდიან. ამ ფასში შედის ტრანსპორტირებაც: ჩვენ ვალდებული ვართ, ნედლეული კომპანიას ბრიტანეთში ჩავუტანოთ. Curtis wool direct limited მატყლის გადამამუშავებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა. ჩვენ მიერ ჩატანილი მატყლის გადამუშავების შემდეგ გავიგებთ, შედგება თუ არა ჩვენ შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა. თუ ნედლეულს ჩვენგან მომავალშიც წაიღებენ, მაშინ მატყლის გასარეცხ საწარმოსაც ავაშენებთ.1 კგ გარეცხილი მატყლი 2,5 აშშ დოლარი ღირს”, – ამბობს eugeorgia.info-სთან საუბარში “ქართული მატყლის” ხელმძღვანელი ზაურ კულიევი.
ბოლო წლების განმავლობაში 1 კგ გასარეცხი მატყლის ფასი 50-60 თეთრამდე დაეცა. მეცხვარეები აცხადებენ, რომ ეს ფასი მატყლის მთიდან ბარში ჩამოტანის ხარჯსაც ვერ ფარავს. ამიტომ ისინი ზოგჯერ ახლადგაპარსულ მატყლს ადგილზევე წვავენ. უამრავ მეცხვარეს კი გაიაფებული მატყლის მყიდველის არარსებობის გამო სახლში დასაწყობებული ტონობით მატყლი გაუფუჭდა.
ექსპერტების განმარტებით, იმისთვის, რომ ქართულ მატყლს ევროპის ბაზარზე კარგი მყიდველი გამოუჩნდეს, ჯერ ცხვრის გაპარსვის, შემდეგ კი მატყლის რეცხვის და დახარისხების პრობლემა უნდა მოგვარდეს. ინფორმაციას www.eugeorgia.info ავრცელებს.