“დელტა” – 16 და 17 ივლისს კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლების მასა განეიტრალდა
Knews.ge-ს “დელტაში” განუცხადეს, რომ 16 ივლისს სსსტც “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში დილის 11:30 საათიდან დაწყებული დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან შემოჭრილი სეტყვასაშიში ღრუბლის რამდენიმე ფრონტი. ღრუბლის მასების სიგრძე შეადგენდა 9-10 კმ-ს. 16:09 საათისთვის შემომავალ ღრუბლის ფრონტში სეტყვის ალბათობამ მიაღწია 80 პროცენტს, რის გამოც მართვის ცენტრმა მიიღო ღრუბლების რაკეტებით დამუშავების გადაწყვეტილება, ნებართვის მიღების შემდეგ 16:11 საათიდან 16:25 საათამდე გაშვებული იქნა რამდენიმე რაკეტა.
“დელტას” ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან ღრუბლების ფრონტის შემოსვლის და ამავდროულად თელავის თავზე შიდამასიური ღრუბლის ჩამოყალიბების გამო 18:37 საათიდან 20:15 საათამდე რამდენიმე ათეული რაკეტა გაუშვეს. 21:20 საათზე მართვის ცენტრმა ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედება დაასრულა.
უწყებაში განმარტავენ, რომ 17 ივლისს ნებართვის მიღების შემდეგ დილის 08:50 საათიდან 08:57 საათამდე რაკეტებით დამუშავდა სამხრეთ-დასავლეთიდან შემოჭრილი მე-2 კატეგორიის სეტყვასაშიში ღრუბელი. 09:02 საათზე საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების შემოსვლის გამო მუშაობა შეწყდა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის “დელტას” ინფორმაციით, ზემოთაღნიშნული დროის განმავლობაში კახეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებიდან შემოიჭრა 1200 კმ2 ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ღრუბლის ფრონტები.
“სეტყვის ალბათობა 70-90 %-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების სავარაუდო ზომა კი 10 დან 30 მმ-მდე მერყეობდა. დასეტყვის საფრთხის ქვეშ იყო თელავის, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის და ყვარლის რაიონები.
რაკეტებით აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების სრული მასა განეიტრალდა და ადგილზე ჩამოიცალა წვიმის სახით”, – ნათქვამია “დელტას” მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.