ახალი ამბები

სტიქიის შედეგად დაზარალებულები ფსიქო დახმარებას მიიღებენ

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოლოგი, პირველადი რეაგირების ჯგუფის წევრი, ნინო სირაძე  აცხადებს, რომ  კარგი იქნება თუ მოქალაქეები, ვისაც ამა თუ იმ ფორმით შეეხო სტიქიური უბედურება, ანდა შეხება ჰქონდა დაზარალებულებთან, კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და სხვა პროფესიულ ასოციაციებთან თუ კლინიკებთან  და მწვავე მდგომარეობის დაფიქსირების შემთხვევაში გადაამისამართებენ მათ შესაბამის სპეციალისტებთან. 

„პირველადი ფსიქოლოგიური ჩარევის შემდეგ ნეგატიური ფსიქოლოგიური ემოციების ინტენსივობამ უნდა დაიკლოს და ჩაქრეს. ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, 3-6 თვის თავზე სიმპტომები კვლავ გამოვლინდება და მათი ინტენსივობა არ დაიკლებს. ამ შემთხევაში უკვე საქმე გვექნება „პოსტ-ტრავმულ სტრესულ აშლილობასთან“, რომლის სიმპტომებია: აკვიატებული მოგონებები ან  სიზმრები ტრავმული მოვლენის შესახებ, განრიდება, ნეგატიური ცვლილებები ფიქრებსა და გუნება-განწყობაში, ინტერესის დაკარგვა საყვარელი საქმიანობების მიმართ, ემოციური „დამუნჯება“ (ადამიანი ვეღარაფერს განიცდის), ცვლილებები ემოციურ რეაქციებში, ქცევის ცვლილება – თვითდამაზიანებელი ქცევების გამოვლენა და ა.შ. სიმპტომებმა, შესაძლოა, ერთი წლის თავზეც კი იჩინოს თავი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მათი მეთვალყურეობა ამ ხნის მანძილზე და რეფერირება შესაბამის სპეციალისტებთან.“ – აცხადებს  საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფსიქოლოგი. 

ორგანიზაცია 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულებს დახმარებას დღემდე სთავაზობს.  ფსიქოლოგის დახმარებას რეგიონებში მცხოვრებ დაზარალებულ ადამიანებსაც გაუწევენ. 

13 ივნისის სტიქიის შედეგად განსაკუთრებული ფსიქოსოციალური დახმარება ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს დაჭირდათ. „პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების დროს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან მამაკაცები. ეს ქვეყნის კულტურული თავისებურებიდან გამომდინარეობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მიჩვეულები არ არიან გრძნობებზე საუბარს და თავს იკავებენ ემოციების გამოხატვისგან. სწჯს-ს სტანდარტებით მამაკაცების ფსიქოსოციალურ დახმარებასაც თანაბარი ყურადღება ექცევა“