ახალი ამბები

მუნიციპალიტეტებში “დასახლების საერთო კრებები” შეიქმნება

კოდექსში ცვლილებების განხორციელება პარლამენტს მთავრობამ შესთავაზა და მას კომიტეტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი აცნობს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, “დასახლების საერთო კრება არის სოფლის, დაბის, ქალაქის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ქმედით ჩართულობას დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში”. 

საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი. საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება აქვს აგრეთვე დასახლებაში უძრავი ქონების მესაკუთრეს და დასახლებაში მცხოვრებ სხვა სრულწლოვან ფიზიკურ პირებს.
კანონპროექტით, საერთო კრების ჩატარების ინიციატივით სარგებლობს საინიციატივო ჯგუფი, გამგებელი, მერი და საერთო კრების რჩეული. 
პროექტი არეგულირებს საერთო კრების უფლებამოსილებებს, მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებაში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2000-ს, ხოლო უფრო დიდი მოსახლეობის მქონე დასახლებებისთვის საერთო კრების შემოღების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს მუნიციპალიტეტი. 

კანონპროექტით საერთო კრება უფლებამოსილია: იმსჯელოს დასახლებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; განიხილოს დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები და წინადადებები; განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად შეიმუშავოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; ორგანიზება გაუკეთოს დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავების, საქველმოქმედო საქმიანობის, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთება–მოწესრიგების და სხვა სფეროებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს; მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის შესახებ; გამგებლის/მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხი და შეიმუშავოს შესაბამისი წინადადებები; განიხილოს გამგებლის/მერის მიერ ინიციირებული საკითხები; განახორციელოს “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

მუნიციპალიტეტის ორგანოებთან საერთო კრების ურთიერთობის ხელშეწყობისა და საერთო კრების სახელით ცალკეული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით საერთო კრების მიერ შეიძლება აირჩეს საერთო კრების რჩეული.