ახალი ამბები

ISFED- კახეთში თვითმმართველობებს საკუთარი ვებ-გვერდები არ აქვთ

,,სამართლიანმა არჩევნებმა’’ საქართველოს მასშტაბით ყველა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კერძოდ, 71 საკრებულოს, 12 თვითმმართველი ქალაქის მერიისა და 59 გამგეობის ვებ-გვერდის მონიტორინგი განახორციელა. ვებ-გვერდებზე დაკვირვება 6 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად ხორციელდებოდა და ფასდებოდა წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით. 
,,სამართლიანმა არჩევნებმა’’, ვებ-გვერდების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებისას, გაითვალისწინა ინტერნეტის საშუალებით იმ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა,რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხის ასამაღლებლად. მხედველობაში იქნა მიღებული, ასევე, მოცემული ინფორმაციის საჯარო ხასიათი, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით. აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის პერიოდში, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შესახებ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც არეგულირებს საკრებულოს, მერიის და გამგეობის მიერ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესსა და გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, მიღებული ჰქონდა მხოლოდ 32 მუნიციპალიტეტს. მათ შორის კახეთში ყვარელს, თელავს (თვითმმართველი ქალაქი და თემი), სიღნაღს, გურჯაანს, ლაგოდეხს, ახმეტასა და დედოფლისწყაროს”,– ნათქვამია ანგარიშში.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც აღმასრულებელი (გამგეობა/მერია), ისე წარმომადგენლობითი (საკრებულო) ორგანოების ვებ-გვერდების მონიტორინგი.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ კახეთის ყველა რაიონის გამგეობასა და საკრებულოს, ასევე თელავის შემთხვევაში მერიას მხოლოდ გაერთიანებული ვებ-გვერდი გააჩნია, ანუ ორ-სამ უწყებას ერთი გვერდი აქვს. 
,,12 თვითმმართველი ქალაქიდან მერიის ვებ- გვერდი აქვს მხოლოდ 9 ქალაქს მათ შორის თელავს. სამ შემთხვევაში მერიის ვებ-გვერდები გაერთიანებულია საკრებულოს და გამგეობის ვებ-გვერდებთან (რუსთავი, ქუთაისი, თელავი), თუმცა ეს ფაქტი რეალურ პრობლემას არ ქმნის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ვებ-გვერდების არქონისა, ყველა თვითმმართველ ქალაქს აქვს საკუთარი ფეისბუქ გვერდი, რომლითაც ნაწილობრივ (სიახლეების გამოქვეყნების თვალსაზირსით) ახერხებს კომუნიკაცია შეინარჩუნოს მოსახლეობასთან. გამგეობებში მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არსებული 59 გამგეობიდან 16 შემთხვევაში მონიტორინგის პერიოდში არ არსებობდა ან არ ფუნქციონირებდა ვებ-გვერდი. მათ შორის თელავშიც. საქართველოს მასშტაბით არსებული 71 საკრებულოდან კი 25-ს არ აქვს ვებ-გვერდი ან ისინი მონიტორინგის პერიოდში არ ფუნქციონირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ახლადშექმნილი 7 თვითმმართველი ერთეულიდან, ქალაქის საკრებულოს ვებ-გვერდი მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტს გააჩნია”,- აცხადებენ ,,სამართლიან არჩევნებში”