სტორის ხეობაში სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სემინარი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რომელსაც გარემოს დაცვის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სემინარის ბოლოს სვიანას რეკრეაციულ ზონაში გასვლითი შეხვედრაც გაიმართა.
CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის განცხადებით , აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო საპილოტე-სადემონსტრაციო რეკრეაციული ზონა, რომელიც ხელს შეუწყობს ტყეების მდგრად მართვას და ტურიზმის განვითარებას.
,,გამოყოფილი იყო 5 000 ევრო აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად და სწორედ ამ თანხის ფარგლებში მოწესრიგდა სვიანას ინფრასტრუქტურა, მოეწყო დასასვენებელი ადგილები, მაგიდები, ფანჩატურები და ცეცხლის დასანთები 7 ადგილი. ასევე დაიდგმება ნაგვის ურნები და ბანერები. ეს არის პირველი ნაბიჯი ჩვენი ტყეების, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციური მიმართულების მართვის გაძლიერებისთვის. საქართველოს ტყეებს აქვს დიდი პოტენციალი რეკრეაციის და სამწუხაროდ ეს ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, გვინდა, მოქალაქეებმა ისწავლონ გარემოსთან კულტურული მოქცევა, სისუფთავის შენარჩუნება და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება საწყისი ტყეების, როგორც ჩვენი ქვეყნის უძვირფასესი რესურსის, დაფასების და გაფრთხილებისა. ამ პროცესში ჩართული იყო გარემოს დაცვის სამინისტრო, სატყეო სააგენტო და სხვადასხვა სამინისტრო უწყება, რაც ძალიან მნიშვნელოოვანია. კარგი იქნება, სამინისტრომ გააგრძელოს მუშაობა ამ კუთხით. მაგალითად ერთი მილიონი ლარი რომ გამოიყოს, შესაძლებელი იქნება, მოეწყოს 100 -200 ასეთი ადგილი საქართველოს მასშტაბით, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიმზიდველი იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის. ჩვენ გვჭირდება ტყის შენარჩუნება და ის უნდა გამოვიყენოთ არა მარტო შეშისთვის, არამედ იქ მისვლისა და დასვენებისთვის”- განაცხადა რეზო გეთიაშვილმა.
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებას უწყება ყოველთვის მხარს დაუჭერს, რადგან მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს საქართველოში ტყეების მდგრადი მართვის გამოყენებას. ამირგულაშვილის განმარტებით, ტყით სარგებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სარეკრეაციო ფუნქცია, რომლის პირველი პრეცენდენტია თელავში სვიანას სარეკრეაციო ზონა.
,,იმედი გვაქვს, რომ თელავში განხორციელებული პროექტით ჯანსაღ პრეცენდენტს შევქმნით და ვიმედოვნებთ, რომ ეს გავრცელდება საქართველოში და ის მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს. სვიანაზე მოეწყო ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიც სჭირდება ტყეს. გარემოს დაცვის სამინისტრო თანამშრომლობს ამ კუთხით სხვა სამინისტროებთანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პროექტს, არის მისასალმებელი და გარემოს დაცვის სამინისტრო მხარს უჭერს CENN-ის მიერ წამოწყებულ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობას და გარემოს განვითარებაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა თავის თავზე აიღებს სვიანიდან რეგულარულად ნარჩენების გატანას და მიექცეს ყურადღება, რომ შენარჩუნებული იყოს ის უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ, CENN-ის ფინანსური დახმარებით, ვქმნით თელავის მუნიციპალიტეტში ‘’- განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბესო აბაშიძე იმედი აქვს, რომ სვიანას მსგავსი პროექტი საქართველოს სხვა დაცულ ტერიტორიებზეც განხორციელდება.
,,ეს იყო სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სვიანაში შექმნილი ინფრასტრუქტურით შევქმნათ პირობა რაც შეიძლება მეტი ტურისტი მივიზიდოთ. ეს კი ხელს შეუწყობს ბუნების პოპულარიზაციას. ეს არის კონკრეტული მაგალითი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაცულ ტერიტორიებზეც გვექნება სვიანას მსგავსი მაგალითები’’,- განუცხადა knews.ge-ს ბესო აბაშიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, დავით ნაპირელი კი ირწმუნება, რომ უწყება სვიანას რეკრეაციული ზონიდან მყარი ნაჩენების გატანაზე აიღებს პასუხისმგებლობას.
,,იმ ადგილებში, სადაც აქტიურად მოძრაობს ტურისტი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ასეთი სარეკრეაციო ზონების განთავსება და ამას შემდგომში მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამაში უნდა იყოს ჩართული, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე მოსახლეობა და უნდა ამაღლდეს მოსახლეობის თვითსეგნება, რომ გაუფრთხილდნენ მას და არ დაანაგვიანონ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ საჯარიმო სანქციების დაწესებაზე, მაგრამ როდესაც ნაგვის ურნების დაიდგმება და დაიწყება ნარჩენების ორგანიზებულად გატანა, საჯარიმო სანქციებიც ამოქმედდება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ გვექნება სუფთა გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების შემოდინებას და ეს, ასევე, აისახება ბიუჯეტზეც’’,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ნაპირელმა.

