ვიდეორეპორტაჟი

ქალთა მონაწილეობა საოჯახო ბიზნესში იზრდება – მეფუტკრე ქალის წარმატებული ისტორია

მან ეს საქმე დედამთილისგან გადაიბარა და დღემდე წარმატებით ართმევს თავს. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე მხოლოდ 5 სკასუვლიდა, ხოლო ახლა საყვარელი საქმე მცირე საოჯახო ბიზნესად აქცია. ლალი სუხიტაშვილი განმარტავს, რომ, მიუხედავად იმისა, ფუტკარს ყოველდღიური მოვლა არ სჭირდება, საკმაოდ შრომატევადია:

-,,ახლა მყავს 13 ოჯახი, მაქვს ძლიერი და საშუალო დონის სკები. ფუტკარი სეზონულად საჭიროებს მოვლას და ეს პერიოდი, მაისი და ივნისი ყველაზე დატვირთული პერიოდია. ახლა საკვები ბაზა ძალიან მრავალფეროვანია, ფუტკარი აგროვებს თაფლს თავისთვის და გვრჩება ჩვენც. ფუტკრის პროდუქტები იმდენად სასარგებლოა, რომ მისი ანალოგი ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ გადავწყვიტე, შემესწავლა მეფუტკრეობა და გამემრავლებინა ისინი. ერთ ზამთარს დამეღუპა ფუტკრის 3 ოჯახი, მაგრამ სტიმული არ დავკარგე, პირიქით. ამ დროს ძალიან დამეხმარა ორგანიზაცია ,,ვორლდვიჟენი“, რომელსაც მეფუტკრეობის განვითარებაზე პროგრამა ჰქონდა“.

გარდა ნატურალური თაფლისა, სანთლის, დინდგელის, ცვილისა, სხვა პროდუქციის რეალიზებას ახორციელებს. ლალის განმარტებით, ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებსა და ფესტივალებში, რაც მის პროდუქციას ცნობილს ხდის. გარდა ამისა, იგი მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის ცვილისგან სხვადასხვა ფორმის სანთლებს საკუთარი ხელით ამზადებს, რომელიც, მისივე თქმით, დიდი მოწონებით სარგებლობს:

-,,დღე არ გავა, რომ ახალი რამ არ ვისწავლო, ლიტერატურაძალიან მეხმარება, როგორ მოვუარო ფუტკარს სწორად, როგორ გამოვიყენო მისი შვიდივე პროდუქტი იმისათვის, რომ მყავდეს ოჯახის ჯანმრთელი წევრები და ვიკვებებოდეთ ნატურალური პროდუქტით. დავამატებ, რომ ცვილს შევძინე მრავალფეროვნება და ვამზადებ დეკორატიულ სხვადასხვა ფორმისსანთლებს. ფუტკრის სხვა პროდუქტებიდან, მაგალითად, დინდგელზე ვამზადებ სპირიტს ნაყენს, რომელიც გამოიყენება სამედიცინო კუთხით, ასევე, ვამზადებ სახის მკვებავსაც, რომელსაც თავად ვხმარობ. პროდუქცია გამაქვს სხვადასხვაფესტივალებზე, ვიღებ მონაწილებას გამოფენებზე, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაანატურალ თაფლზე და მის პროდუქტებზე. ნატურალურ თაფლს ვყიდი 15 ლარად. მყიდველები მენდობიან, რადგან იციან, რომ ჩემი საფუტკრე მეურნეობის პროდუქცია სანდოა, ამიტომ მისი მცირე რაოდენობა გამაქვს გამოფენებზე.“

მის პროდუქტებს საკუთარი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც სახლის პირობებშიც იყიდება. ნინო კერესელიძე რამდენიმე წელია, ფუტკრის პროდუქტებს ლალის განყიდულობს. როგორც თავად ამბობს, იგი ამ პროდუქციას ენდობა:

,,მას შემდეგ რაც გავიგე, რომ ლალიმ ხელი მოჰკიდა ამ ღვთიურ და მადლიან საქმეს, მეფუტკრეობას, ნატურალურ თაფლს მისგან ვყიდულობ. დარწმუნებული ვარ, ლალის მიერ მოვლილი ფუტკრის ოჯახებიდან მიღებული თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები საკუთესო ხარისხისაა და ვენდობი მას. მომწონს თაფლის არომატიც, გემო და ვიცი, რომ მისი ფუტკრები აგროვებენ კისისხევის ტყის თაფლოვანი მცენარეების, აკაციის ცაცხვის, მინდვრის ყვავილების ნექტარს. სწორედ, ეს განაპირობებს ლალის თაფლის მაღალ ხარისხსა და გემოვნურ მახასიათებლებს”.

ლალი სუხიტაშვილი იმედოვნებს, რომ წელს თაფლის რაოდენობა 100 კილოგრამს ასცდება. ლალი სუხიტაშვილის განმარტებით, სკა ნატურალური ხის განმზადდება და წლების შემდეგ ზიანდება, ამიტომ ძლიერი საფუტკრე მეურნეობის გაშენება ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული:

-,,ფუტკარს არ აშინებს სიცივე, თუმცა ცუდია ნესტი, ამიტომ დაზიანებული სკა უნდა გამოიცვალოს. ცარიელი სკა 100 ლარამდე ღირს, 4 ჩარჩოზე შეძენილი ფუტკრის პაკეტიკი- 120 ლარი, ხოლო, თუ სკაში 8-10 ჩარჩოზეა ფუტკარი, 300 ლარი ჯდება. მინდა, რომ ჩემი მცირე საოჯახო ბიზნესი გავაფართოვო“.

ლალი სუხიტაშვილი ქალბატონებს ურჩევს, რომ არ დანებდნენ სიღარიბეს და შექმნან ნატურალური პროდუქტები ოჯახის წევრების ჯამრთელობისთვის. იგი, საკუთარი საქმიანობის გასაფართოებლად და დამწყები მეფუტკრეების დასახმარებლად ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენთან” აქტიურად თანამშრომლობს. როგორც ორგანიზაციის კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნანა ათუაშვილი განმარტავს, ლალი თავდაპირველად პროექტის მონაწილე იყო:

-,,კახეთის მეფუტკრეთა ასოციაცია” დაარსდა ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოს” ინიციატივით კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში. ლალი ჩვენს პროექტში იყო ჩართული, ესწრებოდა ტრენიგებს და თავისი მოტივაციითა და აქტიურობით, დღეს ამ ასოციაციის ხელმძღვანელია. ამ ორგანიზაციაში სამი მუნიციპალიტეტიდან დღეისათვის 54 მეფუტკრეა გაწევრებული, ეს არის თელავი, გურჯაანი და ყვარელი. ასოციაციას ემატებიან წევრები. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია წევრი მეფუტრეების უფლებების დაცვა, მეფუტკრეთა თემში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ინფორმაციის გაცვლა და კვალიფიკაციის ამაღლება მეფუტკრეობის შესახებ. ასოციაციამ გადაწყვიტა, ყველა სოფელში შექმნას მეფუტკრეთა კლუბი, სადაც ინფორმაცია და ცოდნა იცვლება. ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ განვითარებასა და განათლების დონის ამაღლებას. დაგეგმილი გვაქვს სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარება. ასოციაცია განთავსებულია სოფელ ნაფარეულში, ,,ნაფარეულის სახელოსნოებმა“ გამოუყო მათ ოთახი. ვფიქრობთ, რომ შეიქმნას ერთობლივი პროდუქტი, ,,ნაფარეული” თიხაზე მუშაობს, ჩვენ-თაფლზე და შეიძლება, ნაფარეულის სახელოსნო იქცეს ტურიზმის ცენტრად”.

 

„მულტიმედიური რეპორტაჟები  სოფლებიდან “რუბრიკის მომზადებისათვის knews.ge რედაქციას მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.