შსს-მ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა გახსნა
“შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1947 წელს დაბადებული ივანე ყ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილი 1940 წელს დაბადებული ბუდუ ს. და 1961 წელს დაბადებული ლევან ს. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბუდუ ს. მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ლევან ს-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას სტაციონარში გადის.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ივანე ყ. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით), – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 70 წლის მამაკაცი, ასევე დაჭრილია მისი შვილი და ერთი მეზობელი.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი წარსულში მათ შორის არსებული კონფლიქტი გახდა.