ოპოზიციამ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასამართლო მოუგო
“ახალი მემარჯვენეების” წევრი ნიკოლოზ ვარდოშვილი საკრებულოს სხვა ორ წევრთან ერთად ფრაქციის შექმნას 2014 წლის სექტემბრის თვიდან ითხოვდა, რაზედაც საკრებულოს ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. ნიკა ვარდოშვილის თქმით, მან საკრებულოს გადაწყვეტილება ჯერ თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც პროცესი მოიგო, თუმცა უწყებამ სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ვარდოშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. “ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ფრაქციის შექმნის საშუალება რომ არ მოეცათ, ეს კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის დავალებაა. ის უხეშად ერევა თვითმმართველობის საქმიანობაში”, – აცხადებს ვარდოშვილი. ოპოზიციური პარტიების წევრებს სამართლებრივ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისი უწევდა.