თესაუში საერთაშორისო პროექტი დასრულდა
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ირმა შიოშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტისათვის, ისე იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უკვე სწავლობენ, ან მომავალში ისწავლიან მშენებლობის მენეჯმენტის ან პროექტის მენეჯმენტის სპეციალობაზე.
„ეს პროექტი განხორციელდა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე და მაშინ მე ვიყავი ამ ფაკულტეტის დეკანი. ჩვენ თავიდან სტუდენტებს თავისუფალი კრედიტების სახით შევთავაზეთ რამდენიმე საგანი და შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. შემდეგ შეიქმნა ორი მაინორის პროგრამა – მშენებლობის მენრჯმენტი და პროექტის მენეჯმენტი. ეს პროექტი დაგვირგვინდა საბაკალავრო პროგრამის შექმნით, რომელიც იმედია, ივლისში საბოლოო სახით დასრულდება“, – განაცხადა ირმა შიოშვილმა.
პროქეტის ფარგლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთან, სადაც სტუდენტები გადიოდნენ სტაჟირებას.
„პროექტის განმავლობაში ძალიან ბევრი აქტივობა ჩატარდა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მემორანდუმი გავაფორმეთ სამშენებლო კომპანიებთან და ჩვენი სტუდენტები გადიოდნენ პრაქტიკას, სწავლობდნენ ახალ სამშენებლო მასალას. ეს იყო ძალიან სასარგებლო პროექტის მენეჯმენტისა და მშენებლობის მენრჯმენტის სტუდენტებისათვის“, – აღნიშნა თესაუს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თამარ ასლანიშვილმა.
პროექტი BOM UP 2009 წლის 9 მაისიდან დაიწყო და ხუთწელიწადნახევარი გრძელდებოდა.