ახალი ამბები

ახმეტელები წყალზე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითხოვენ

ადგილობრივები წყალზე ფიქსირებული გადასახადის დაწესებას და დავალიანების ჩამოწერას ითხოვენ. აქციის მონაწილების განცხადებით, დამონტაჟებული მრიცხველების უმრავლესობა გაუმართავია და დღემდე არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები აბონენტებსა და კომპანიას შორის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის გაურკვეველია, რის მიხედვით ახდევინებენ ხალხს გადასახადს
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახმეტაში, ოთხი წლის განმავლობაში, განხორციელებულმა გამრიცხველიანებამ (ქ.ახმეტაში სულ რეგისტრირებულია 2382 აბონენტი, გამრიცხველიანებულია დაახლოებით 511 აბონენტი საიდანაც მრიცხველის მიხედვით გადასახადს იხდის 230 აბონენტი) მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რის გამოც დავალიანებამ დღეისმდგომარეობით 100 ათას ლარს გადააჭარბა. 
მოსახლეობის განცხადებით, მიუხედავად ხალხის არაერთი მოთხოვნისა, ამ დრომდე არ ხდება ოჯახებში სულთა რაოდენობის კორექტირება. 
“არის შემთხვევბი, როდესაც ოჯახში რეგიტრირებულია ათეულობით უცხო პიროვნება, რაც იწვევს გადასახადის ზრდას. მოვითხოვთ, გაუქმდეს დღემდე დამონტაჟებული მრიცხველები, დაზუსტდეს ოჯახებში სულთა რაოდენობა, დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი და ჩამოეწეროს მოსახლეობას დღემდე დაგროვილი დავალიანება”, – აცხადებენ ადგილობრივები.
საპროტესტო აქციას ახმეტაში „დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი წარმომადგენლობაც შეუერთდა. პრობლემების მოგვარების მიზნით, „დემოკრატიულმა მოძრაობის“ მხარდაჭერით მოსახლეობამ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელიც შესაბამის უწყებას გადაეგზავნება.