უკრაინის ელჩი თელავში ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა, ელჩს რეგიონში არსებული ვითარება გააცნო და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, განიხილეს როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. გუბერნატორისვე ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით იგეგმება რეგიონების-კახეთისა და ივანო-ფრანკოვსკის დამეგობრება:
,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ კულტურულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო მიმართულებებზე. გადაწყდა, რომ კახეთის რეგიონი დაუმეგობრდება უკრაინაში ერთ-ერთ დიდ რეგიონს. გარდა ამისა, ჩვენი წარმომადგენლობა ჩავა უკრაინაში ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ქართული ღვინის ერთ-ერთი დიდი ექსპორტიორი არის უკრაინა. ვფიქრობთ, რომ დღეს იქ მიმდინარე საომარი მოქმედებები ხელს უშლის გარკვეულწილად ღვინის ექსპორტის ზრდას. როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება, დარწმუნებულები ვართ, ექსპორტი უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. ჩვენი პროდუქციის რეალიზაციისთვის უკრაინა უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა,”-განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.
უკრაინის ელჩი ასევე, ქალაქ თელავის მერს, პლატონ კალმახელიძეს შეხვდა, სადაც ქალაქში არსებულ ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებზე ისაუბრეს.