თელავში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, გელა სამხარაულის თქმით, შეხვედრის მთავარ მიზანს რეგიონის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პრობლემების გამოვლენა და მისი მოგვარების გზებზე საუბარი იყო:
,,ვაპირებთ, შემოვიაროთ მთელი საქართველო და შეხვდეთ ფერმერებს და დარგის სპეციალისტებს. თელავში გამართულ შეხვედრაზე მოვისმინეთ ფერმერებისგან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლების მხრიდან რა პრობლემებია დღეისთვის შექმნილი სოფლის მეურნეობის კუთხით და როგორ შეიძლება მოგვარდეს. სახელმწიფოს ძალისხმევით უამრავი თანხა იხარჯება იმისთვის, რომ ეს სექტორი აღორძინდეს.
ვისაუბრეთ როგორ მიმდინარეობს მიწის საგაზაფხულო სამუშაოები, რომელიც თითქმის დასრულების ფაზაშია. მინდა დავამატო, რომ მელიორაციის კუთხით, რომელიც ძალზე აქტუალური საკითხია, უპრეცენდენტო სამუშაოები მიმდინარეობს,”– განუცხადა Knews.ge-ს გელა სამხარაულმა.
დედოფლისწყაროში მცხოვრები ფერმერის, ელიზბარ იმერლიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა. მისივე თქმით, იმისთვის რომ გვალვამ წელს მოსავალი არ დააზიანოს, აუცილებელია წყლის მარაგების შექმნა:
,,დედოფლისწყარო ერთ-ერთი გვალვიანი ზონაა. გასულ წელს, გვალვამ მოსავლის 80% გაანადგურა. შეხვედრაზე ვისაუბრე აღნიშნულ საკითხზე და ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება ვთხოვე. აუცილებელია აღნიშნული მიწების გაწყლოვანება, რომ მოსავალი წელსაც არ გახმეს. ასეთი შეხვედრების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ფერმერები პრობლემებზე ვსაუბრობთ და ასევე ვეძებთ მისი მოგვარების გზებს,”– განუცხადა knews.ge-ს ელიზბარ იმერლიშვილმა.