საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება.
თელავის განათლების რესურსცენტრში აცხადებენ, რომ გამოსაშვები გამოცდები საჯარო სკოლებში დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ერთდროულად დაიწყო.
თელავის განათლების რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის, ნუნუ ასათაშვილის თქმით, გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.
,,თელავის ყველა სკოლაში საატესტატო გამოცდები დაიწყო. მოსწავლეებს ამის შესახებ წინასწარ ეცნობათ. რაც შეეხებათ იმ სკოლების მოსწავლეებს, სადაც არ არის გამოცდის ჩასატარებლად საჭირო ტექნიკა მოწესრიგებული, წინასწარ ეცნობათ როდის და რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უნდა მისულიყვნენ. დღეს დაიწყო ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა და დასრულდება 25 მაისს ქიმიის გამოცდით,”- განუცხადა Knews.ge-ს ნუნუ ასათაშვილმა.
მისივე თქმით, იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს ან ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება, საშუალება აქვთ ქიმიის გამოცდის დასრულების შემდეგ რვავე გამოცდა ერთდროულად ჩააბარონ.