ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
ამ დროისთვის „მეტეოდან“ შავი კლდეების ტბამდე მონაკვეთი დიდი თოვლის გამო ჯერ კიდევ ჩაკეტილია.
„შავი კლდეების ტბის“ ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (ზ. დ. 400-600 მ.) რაც კავკასიაში იშვიათია.
ლაგოდეხის ალპურ სარტყელში მყინვარული წარმოშობის რამდენიმე ტბაა, მათგან ყველაზე დიდი შავი კლდის ტბაა რომლის სიღრმე თოთხმეტ მეტრს აღწევს. შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს – რუსეთის ფედერაციას შორის.