დედოფლისწყაროში ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეები ყოველთვიურად ას ლარს მიიღებენ
როგორც დედოფლისწყაროს გამგეობაში აცხადებენ, საკრებულომ გაითვალისწინა აღნიშნული დაავადების მკურნალობის სირთულე და 2015 წლის მაისიდან ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეებს ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დახმარების სახით თანხა გამოუყო.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ჯავახიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის სოციალურ ბიუჯეტში შესატანი შესაბამისი ცვლილების პროექტს საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დიალიზის ცენტრი, ჯერჯერობით, არ გააჩნია, პაციენტებს გურჯაანისა და თბილისის კლინიკებში უწევთ მკურნალობა, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
,,შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას ღირსეული სამედიცინო მომსახურეობა ჰქონდეს. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეულ შეღავათებს ახლა უკვე ჰემოდიალიზზე მყოფი ადამიანებიც მიიღებენ. ეს მათ ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვაში დაეხმარებათ. საკრებულო, ისევე, როგორც გამგეობა, სოციალური პაკეტის სრულყოფისათვის ძალისხმევას არ იშურებს და ვფიქრობ, ახლო მომავალში ეს პაკეტი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება“-განმარტა ჯავახიშვილმა.