თელავში საგზაო წესების დაცვის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით საშუალო სკოლების უფროსკლასელებსა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანს ფიზიკური უსაფრთხოებისა და პროფესიული არჩევანის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები შესაბამისი დარგის ექსპერტებს, ახალგაზრდობისა და არაფორმალური განათლების საკითხებში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების თანამშრომლებს შეხვდენენ.
ღონისზიების მიზანია აღნიშნულ სფეროში არსებულ პრობლემებზე ახალგაზრდების ინფორმირება და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
,,პროექტი ითვალისწინებს, რომ ახალგაზრდებს გავაცნოთ საგზაო უსაფრთხოების შესახებ სხვადასხვა საკითხი. გარდა ამისა, შეხვედრებზე მათ ვაცნობთ ბოლო დროინდელ სტატისტიკას. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჩვენ შევალთ სკოლებში, გადავცემთ მოსწავლეებს სპეციალურ წიგნებს და მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩაერთონ კამპანიაში და იაქტიურონ. შეხვედრაზე, ასევე, მოეწყო ფილმის ,,ბოლო ზარის” ჩვენება, რომელიც ,,კახეთის სამოქალაქო ლიგამ” გადაიღო” , -განუცხადა Knews.ge-ს ფონდი ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა ირაკლი იზორიამ.