გურჯაანში პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ
ოჯახის წევრების განცხადებით, მათ შვილს სამართალდამცავები ჯერ ეზოში, შემდეგ კი სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
,,ხმაური გავიგე და გარეთ რომ გამოვედი, ჩემი თვალით დავინახე, როგორ ამოუტრიალეს ხელები და მუშტებით სცემდნენ ჩემს შვილს. სამართალდამცავებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი არ დაემორჩილა, არ აქვთ უფლება, ფიზიკურად გაუსწორდნენ,”- აცხადებს ზვიად კობიაშვილის დედა ნანა კობიაშვილი.
ზვიად კობიაშვილის განმარტებით, პოლიციელები მასთან მაშინ მივიდნენ, როცა გაჩერებულ მანქანაში იჯდა. მისივე თქმით, პოლიციელებმა თავდაპირველად საბუთების წარმოდგენა მოსთხოვეს, შემდეგ კი სახლში შეყვნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
,,მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, საბუთები გვაჩვენეო. მე ვუთხარი, გაჩერებულ მანქანაში ვზივარ რა საბუთებს მთხოვთ მეთქი. გადმოდი მანქანიდან, უნდა შეგამოწმოთო. ვუთხარი, წავალ და მოვიტან საბუთებს, აქ არ მაქვსმეთქი და სახლში წამოვედი. მომყვნენ სახლშიც, შემომივარდნენ, ხელები გადამიგრიხეს და ცემა დამიწყეს. რა უნდოდათ არ ვიცი,”- განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კობიაშვილმა.
კობიაშვილების ოჯახის ბრალდებებს ადასტურეებენ კახეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები. კახეთის სამხარეო პოლიციის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის ვასილ დანელიას განმარტებით, კობიაშვილი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მათ არ დაემორჩილა.
,,ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ჩვენ მიერ საბუთების მოთხოვნის შემდეგ გაიქცა სახლში. ჩვენი თანამშრომლები გაყვნენ და მათ წინააღმდცეგობის გაწევა დაუწყო სამართალდამცავებს. გარდა ამისა, სახლში იმყოფებოდა მისი ძმა, რომელიც მიეხმარა მას წინააღმდეგობის გაწევაში,”- განმარტა ვასილ დანელიამ.