ომბუდსმენი გურჯაანის ინციდენტების დროულ გამოძიებას ითხოვს
“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობის ორგანოებისა თუ მათ მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართულნი ოპოზიციურ პარტიასთან დაპირისპირებაში. სახალხო დამცველი მანამდე არაერთხელ მიუთითებდა ასეთ ინციდენტებში ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლების მონაწილეობის უარყოფით მხარეებზე, მათ შორის თვითმმართველობის ორგანოების პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი საქმიანობის ეჭვის ქვეშ დაყენების შესახებ. აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებს.
თუ ცალკეული პირების ქმედებებში არ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჭრილში გარემოებების შეფასება. ასევე, თუ ცალკეული საჯარო მოხელეების კონკრეტული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, უნდა შეფასდეს, ხომ არ წარმოადგენდა აღნიშნული დისციპლინურ გადაცდომას. საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება ზემოაღნიშნულ ინციდენტებზე რეაგირებას ყველა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან”, – ნათქვამია ნანუაშვილის განცხადებაში.
20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სხვა წევრებთან ერთად შენობის დატოვება აიძულეს. 21 აპრილს გურჯაანის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება გაგრძელდა.
22 აპრილს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შეკრებილმა “ქართული ოცნების” აქტივისტებმა, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს, პარლამენტის წევრ ირმა ნადირაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს. ამავე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში განვითარებულ მოვლენების შესახებ აღნიშნა, რომ ის კვერცხების სროლის წინააღმდეგია, მაგრამ თვლის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ “ნაციონალებს” “სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა”.