დაპირისპირება კვერცხებით -ნეპოტიზმი თუ კორუფცია გურჯაანში
პარტიის ლიდერებსა და მართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებმა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და აქტივისტებს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს და შენობის დატოვება მოსთხოვეს.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანის გამგეობაში
გურჯაანში, პირველი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარტიების აქტივისტებს შორის მაშინ დაიწყო, როცა “კორუფციული საქმიანობის” შემსწავლელი კომისიის წევრები, მათ შორის პარტიის ლიდერები გამგეობის შენობაში მივიდნენ.
მორიგი ინცინდეტი კი ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის მაშინ მოხდა, როცა ანტიკორუფციული საბჭოს წევრები იმ ობიექტებს ათვალიერებდენ, სადაც სამუშაოები შეჩერდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ადგილობრივი სპორტული დარბაზის მწვრთნელი დაუპირისპირდა.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეურაცხყოფის მიყენებას ავალებენ:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ხალხი მოჰყავთ სპეციალურად და მათ აქვთ დავალება, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადმოვიდნენ. ხელისუფლებას ტყულიად ჰგონია, რომ გამგეობის ბლოკირებით შეაჩერებს “ანტიკორუფციული კომისიის” მუშაობას“, – განაცხადა ღვინიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გერგიძე კი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მიერ მისი თანაშემწის ფიზიკური შეურაცხყოფაზე საუბრობს:
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები შემოვარდნენ ოთახში და ხალხის მიღებაში ხელს მიშლიდნენ. ჩემს თანაშემწეს სუს-ის აგენტი ეძახეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ უკვე გამოვიხაძე პოლიცია, რადგან არ მაძლევდნენ მუშაობის საშუალებას. ისინი ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. მოიყვანეს ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც ყვირილით და კივილით დაძაბულობა უნდა შეექმნათ. რაც შეეხება ბრალდებებს, რომელზეც თვითონ საუბრობენ, ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. ნეპოტიზმი „ნაციონალების“ მოგონილია და მაშინ ჰყვაოდა ყველაფერი და ახლა თუ ვინმეს აბრალებენ, არ ვიცი”, – განაცხადა გერგიძემ.
ინციდენტის მეორე დღეს ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტებმა დილით გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოთახის კარი ცოცხებით აჭედეს და კედლებზე შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს.
,,დაგვაცადეთ მივხედოთ ნაციონალებს, მათგან ადგილობრივ ხელისუფლებას ვიცავთ. ისინი არ უნდა გამოდიოდნენ გარეთ და რაღაცეებზე პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეთ. იმკიან იმას, რაც დათესეს. არ შემოვუშვებთ შენობაში,’’- განუცხადა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ამ ინცინდენტიდან რამდენიმე ხანში აქციის მონაწილეებსა და გამგეობის ხელმძღვანელობასთან შიდა კონსულტაციების შემდეგ ღვინიაშვილს გამგეობაში დაკავებული ფართის გამოთავისუფლება მოსთხოვეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, შენობიდან გასვლის მიუხედავად ხელისუფლება ანტიკორუფციული კომისიის მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. მისივე განცხადებით, გამგებლის კორუფციულ საქმიანობას ნებისმიერი შენობიდან შეისწავლიან:
„დილიდან რამდენიმე საათის განმავლობაში იფიქრეს და გადაწყვიტეს, მოგვმართონ წერილით, დავცალოთ ეს ფართი, მაგრამ ეს არის ღვინიაშვილის ბიურო და მისი დაცლა ასე არ ხდება. აქ კანონით გათვალისწინებული ნორმები მოქმედებს. ცხადია, აქედან ვერ გაგვყრიან. ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ შენობაში ყოფნა არ გადაწყვეტს გამოვიძიებთ თუ არა გამგებლის კორუფციულ საქმიანობას. ამას ნებისმიერი შენობიდან და ქუჩიდანაც მოვახერხებთ“, – ამბობს ნადირაშვილი.
წიწილებიანი კვერცხების სროლა და გინება გამგეობის შენობაში
დაპირისპირების მესამე დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დეპუტატის ბიუროში დაბეჭდილი გაზეთები მიიტანეს, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია რაიონის გამგებელისა და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ.
შენობაში შეკრებილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის წევრ გიორგი ღვინიაშვილს, ირმა ნადირაშვილს და მათთან ერთად მყოფ პირებს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს. შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
,,ყველამ ნახა, როგორ ველურად იქცევიან. აქ იყვნენ სამსახურების უფროსები და პოლიციის უფროსი, რომლებმაც არაფერი გააკეთეს სიტუაციის განსამუხტად. მოვედით ფრაქციის ოთახში და გვაქვს უფლება ვიმყოფებოდეთ ადმინისტრაციულ შენობაში. ის რაც ხდება ეს არის პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადების შედეგი, რომ თურმე ძალადობა არის კარგი და წახალისებული,’’– განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა.
ამავე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში განვითარებულ მოვლენების შესახებ აღნიშნა, რომ ის კვერცხების სროლის წინააღმდეგია, მაგრამ თვლის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ “ნაციონალებს” “სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა”.
“მე ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა “ნაციონალებს” გურჯაანის მოსახლეობამ. ადეკვატური იყო თავად გურჯაანის გამგეობისა და გამგებლის ქმედება, რომელმაც აბსოლუტურად კანონის დაცვით მიმართა დეპუტატ ღვინიაშვილს, რომ გამგეობა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია ის, როგორც განვითარდა მოვლენები, – ვგულისხმობ კვერცების სროლას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მმართველი გუნდის მხარდამჭერების თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები უარესად მოქცევას იმსახურებენ.
,,კიდევ ბევრ კვერცხს ესვრიან, იმიტომ რომ ხალხი განერვიულებულია, რადგან ესენი არიან ყველაზე ამაზრზენი ხალხი საქართველოში. ხალხის დამღუპველები, კორუფციის და ყოველგვარი სისაზიზღრის დამფუძნებლები,’’– განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერმა მიხეილ ფურცელაძემ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გურჯაანის რაიონულ პოლიციას საჩივრით უკვე მიმართა. გიორგი ღვინიაშვილის საპარლამენტო ბიუროს ხელმძღვანელის გოჩა სიბაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გურჯაანის გამგეობაში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას ითხოვს.
“გურჯაანის პოლიციას წარვუდგინეთ საჩივარი, ფოტო და ვიდეო მასალა, მაჟორიტარის ბიუროში “ქართული ოცნების” აქტივისტების შეჭრის და გურჯაანის გამგეობაში, დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებთან დაკავშირებით. “ნაციონალური მოძრაობა” დაუყოვნებლივ ითხოვს გამოძიებას და ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას”, -განუცხადა ჟურნალისტებს გოჩა სიბაშვილმა.
დღე მესამე: გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ბიუროს ოთახიდან გამოასახლეს
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ბიუროს ოთახიდან გამოასახლეს. მის ადგილას კი გამგეობის იურიდიული სამსახური განთავსდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გერგიძეს თქმით, ნივთები, რომელიც ბიუროს ოთახში იყო განლაგებული, ინვენტარიზაციის კომისიამ სრულად აღწერა და ის, რაც გამგეობის საკუთრება არ იყო, დაცულ ადგილზეა გადატანილი.
,,მოხდა ინვენტარიზაცია ყველა ნივთის, რაც ოთახებში იყო. გიორგი ღვინიაშვილს შეუძლია მოვიდეს და წაიღოს თავისი ნივთები. თუ მოვა მშვიდად, პროვოკაციის გარეშე, არავინ არ დახვდება კვერცხებით,’’- განაცხადა გია გერგიძემ.
გურჯაანის გამგებელი ირმა ნადირაშვილს სასამართლოში უჩივლებს
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ნადირაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გია გერგიძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. მან ჟურნალისტებს მის ხელთ არსებული ნეპოტიზმის ფაქტები წარმოუდგინა.
გარდა ამისა, ირმა ნადირაშვილის თქმით, გამგებელი ნეპოტიზმთან ერთად კორუფციაშია მხილებული და იგი ქრთამის აღების ფაქტზე იყო ნასამართლევი.
,,გია გერგიძე შევარდნაძის დროს დაიჭირეს ქრთამზე, მაშინ, როდესაც ამის გამო არავის იჭერდნენ და წარმოიდგინეთ, ამ ადამიანმა რეები ჩაიდინა,’’-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გერგიძე ამბობს, რომ ნადირაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს.
,,ამ განცხადებაზე ირმა ნადირაშვილს სასამართლოში მოუწევს პასუხისგება,’’- აცხადებს ის.
ნეპოტიზმთან დაკავშირებით ნადირაშვილის ბრალდებას გურჯაანის გამგეობაში გამოეხმაურნენ, ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენელმა, ზაქარია ქაჩლიშვილმა, თავის მხრივ, ირმა ნადირაშვილი ნეპოტიზმში დაადანაშაულა.
,,ამ პატიოსან ხალხს რომ აბრალებენ რაღაცეებს, ეს პირსისხლიანები, ნეპოტიზმის დამნერგავები თვითონ იყვნენ. გაიხსენონ მათი მმართველობის წლები.’’
შეფასება
გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს `დემოკრატიული მოძრაობის” კახეთის რეგიონული კოორდინატორი, ვალერი შოშიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ამ მოვლენებამდე უფრო ადრე გურჯაანის გამგებელი ნეპოტიზმში ამხილა: ბოლო დროს გურჯაანში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში პოლიტიკური კრიზისი აქვს. მისივე თქმით, გამგებელი, რომელიც აბედინებს ხელისუფლების ყოფილ წარმომადგვენელს დებოში მოაწყობინოს საჯარო დაწესებულბეაში, ის მინიმუმ, უნაარო და უმოქედოა.
შოშიაშვილი გურჯაანის გამგებლის, გია გერგიძის გადადგომას ითხოვს, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
“გამგებელ გია გერგიძეს არ შესწევს ძალა, რომ მართოს რაიონი და უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. გიორგი ღვინიაშვილი კი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თბილისის პროკურორობის დროს გირგვლიანის საქმე, ხოლო კახეთის გუბერნატორების დროს ბიზნესზე ტერორი, მინიმუმ ის დღეს უკვე ციხეში უნდა იჯდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამის ძალა არ შესწევს”, – აცხადებს შოშიაშვილი.