ბურჯანაძის პარტიის კახეთის წარმომადგენელი მოთხოვნებს აყენებს
ამის შესახებ ვალერი შოშიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, გურჯაანში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში პოლიტიკური კრიზისი აქვს:
“გამგებელი, რომელიც აბედინებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს დებოში მოაწყობინოს საჯარო დაწესებულებაში, ის მინიმუმ, უუნარო და უმოქმედოა. აქედან ჩანს, რომ გამგებელ გია გერგიძეს არ შესწევს ძალა, რომ მართოს რაიონი და უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. გიორგი ღვინიაშვილი კი, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თბილისის პროკურორობის დროს გირგვლიანის საქმე, ხოლო კახეთის გუბერნატორების დროს ბიზნესზე ტერორი მინიმუმ, ის დღეს უკვე ციხეში უნდა იჯდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამის ძალა არ შესწევს”, – აცხადებს შოშიაშვილი.
ვალერი შოშიაშვილი ირმა ნადირაშვილს ნეპოტზიმის ფაქტებსაც ახსენებს და აცხადებს, რომ ნადირაშვილს არ აქვს მორალური უფლება, რომ ნეპოტიზმზე ისაუბროს:
“ირმა ნადირაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს დასაქმებული ჰყავდა, როგორც ოჯახის წევრები, ასევე მისი ყველა ნათესავი. ხელისუფლებაში ისეთი ძალა უნდა მოვიდეს, “რომელიც აღასრულებს ხალხის ნებას და “ნაციონალურ მოძრაობას” გაუშვებს პოლიტიკურ სანაგვეზე”, – აღნიშნა შოშიაშვილმა.