პრემიერი – პანკისის ირგვლივ ხელოვნური ისტერიკაა შექმნილი
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, პანკისის ხეობაში ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ და მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პანკისის ხეობის მცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეები არიან და ხელისუფლებას მათ მიმართ განსხვავებული მიდგომა არ გააჩნია.
“პანკისის ხეობის მიმართ ასეთი არაბუნებრივი ისტერიის ფონზე, ამ თემის გაშუქება ყოვლად დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია. კარგად გაიაზრეთ რა თემებით ძაბავთ ადამიანებს. ორი თუ სამი ადამიანი ცდილობს რამდენიმე ახალგაზრადა გადაიყვანონ სირიაში თუმცა ამაზე მუშაობენ სამართალდამცავები და არანაირი პრობლემა არ იქნება,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად უკვე რამდენიმე ახალგაზრდა წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი 16 და 18 წლის ორი ახალგაზრდა ნათესავებს დაუკავშირდა და ქვეყანაში დაბრუნებაში დახმარება სთხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისელი მოზარდები „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად „ჟღალი გენერლის“ დაჯგუფებაში ირიცხებიან. თავად ბათირაშვილი კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ეჭვმიტანილთა „შავ სიაში“ ჰყავს შეყვანილი.
არსებული ინფორმაციით ამ დრომდე სირიაში ასამდე პანკისელი იბრძვის და უკვე 11 ახალგაზრდა სხვადასხვა შეტაკების დროს არის გარდაცვლილი. პანკისელ 19 წლის ბიჭს, გიორგი ბორჩაშვილს კი სირიაში წასვლას აიძულებენ წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებიან.
ბორჩაშვილის განცხადებით, მან გაიცნო ის ჩეჩენი ადამიანი, რომელსაც ახალგაზრდები სირიაში გადაჰყავს, თუმცა შეთავაზებაზე უარი უთხრა და ახლა მას მოსაკლავად დასდევენ. გიორგი ბორჩაშვილი განმარტავს, რომ მან საკუთარი პრობლემის შესახებ და მოსალოდნელი საფრთხის გამო ინფორმაცია შს სამინისტროს წარმომადგენლებს უკვე მიაწოდა.