გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს წიწილებიანი კვერცხები ესროლეს
დაპირისპირება გამგეობის შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოჩენამ გამოიწვია. ირმა ნადირაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი მიდიოდნენ გამგეობის შენობაში, სადაც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ოთახში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირებს უნდა შეხვედროდნენ. გამგეობის შენობასთან მობილიზებულმა “ქართული ოცნების” რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა და სხვადასხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულმა პირებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და წიწილებიანი კვერცხები დაუშინეს. შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ წუთებში ფრაქციის ოთახში რჩებიან. შენობაში მობილიზებულები არიან “ქართული ოცნების” აქტივისტები და ნაც. მოძრაობის წევრების გამოსვლას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გურჯაანში “ანტიკორუფციული კომისია” შექმნეს. “კორუფციული საქმიანობის” შემსწავლელი კომისიის წევრები, მათ შორის პარტიის ლიდერები გამგეობის შენობაში მივიდნენ გამგებლისა და გამგეობის საქმიანობის შესწავლის მიზნით, რომელსაც დაპირისპირება მოჰყვა. გამგეობაში პოლიცია მთელი დღის მანძილზე იყო მობილიზებული.