გურჯაანის გამგეობის შენობაში კვლავ დაძაბული ვითარებაა
ხმაური გურჯაანის გამგეობაში მოყვა “ნაციონალური მოძრაობის” ახლად შექმნილი ანტიკორუფციული კომისიის წევრის, ზვიად კუპრავას გამოჩენას, რომელმაც გამგეობაში განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე შეიტანა.
“ნაციონალური მოძრაობა” გამგეობისგან ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ხარჯების შესახებ ითხოვს ინფორმაციას.
“ჩამოსულები არიან “ნაციონალების” დეპუტატები, ჩვენ არ შემოვუშვებთ მათ გამგეობაში. აქ იმიტომ ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი არჩეული ხელისუფლება “ნაციონალებისგნ,” – განუცხადეს ,,ინტერპრესნიუსს” გამგეობაში შეკრებილმა “ქართული ოცნების” მხარხდამჭერებმა.
დღესვე გურჯაანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება დაახლოებით 2 საათის წინაც მოხდა. დაპირისპირება სპორტ-კონპლექსის დათვალიერების დროს დაიწყო. სიტყვიერი შელაპარაკება კურორტ ახტალაზეც გაგრძელდა. ადგილზე გურჯაანის საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელი მიშა ფუცელაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და ოპოზიციონერებს კომპლექსის დატოვებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” იქ ყოფნის მორალური უფლება არ ჰქონდა.