ხვალ მელაანსა და ჩალაუბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
როგორც სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ აცხადებენ, უწყება კახეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას განაგრძობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში 10 კვ-იან გამანაწილებელ ქსელზე, დაბალი განაკვეთის ელექტროსადენი ახალი, შესაბამისი გამავლობის მაღალი კვეთის სადენით შეიცვლება.
,,სადენი გაანგარიშებულია აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის დატვირთვის შესაბამისად. დაბალი გამტარობის სადენი გამო, მოსახლეობაში ხშირი იყო ენერგომომარაგების პრობლემები, რაც ძაბვის ვარდნით იყო განპირობებული. აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანია 4 კილომეტრ მანძილზე მაღალი გამტარობის სადენით შეცვლის სამუშაოებს ხვალ დაასრულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 25 მარტს, 11-დან 17 სთ-მდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება ფიდერს ,,მელაანი“, შესაბამისად დროის ამ მონაკვეთში ელექტროენერგია შეეზღუდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მელაანს და ჩალაუბანს,’’– აცხადებენ სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“.
მათივე თქმით, ელექტროგამანაწილებელ ქსელზე სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფლებში ელექტრომომარაგება უწყვეტ რეჟიმში აღდგება და აბონენტებს ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება უზრუნველყოფილი ექნებათ.