ახალი ამბები

ლაგოდეხში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გიორგი ბოკერიას განცხადებით, წყლის პრობლემა რაიონში მოსახლეობას 90-იანი წლებიდან აწუხებს:
,,ლაგოდეხში დიდი რაოდენობის წყლის მოხმარება ხდება. გასულ წლებშიც რამდენჯერმე სცადეს პრობლემის მოგვარება, მაგრამ ვერ მოხერხდა. ახლა იწყება მასშტაბური პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე გამოცხადებულია ტენდერი და გამარჯვებული დაიწყებს აღნიშნული სამუშაოების შესრულებას. სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ ლაგოდეხსა და მის მიმდებარე სოფლებში თავიდან ბოლომდე გამოიცვლება მაგისტრალები, დაემატება ჭაბურღილები და სათადარიგო რეზერვუარები. ასევე, მოხდება სოფლების გამრიცხველიანებაც,’’- განუცხადა knews.ge-ს გიორგი ბოკერიამ.
ლაგოდეხელების თქმით, უკვე რამდენიმე წელია მათ ონკანებზე სასმელად ვარგისი წყალი არ მოსულა, რის გამოც იძულებულები არიან დაბინძურებული დალიონ. ლაგოდეხელები აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმიანი ამინდის შემდეგ მძიმდება:
,,ლაგოდეხის ყველა უბანში სასმელად უვარგისი წყალი მოდის და ისიც გრაფიკით. წვიმიანი ამინდის დროს კი შავი წყალი მოდის, რაც მოსახლეობის დაავადების საფრთხეს ქმნის. გარდა ამისა, სისტემის მილებიც მოძველებულია და გამტარიანობა არ აქვს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დახმარებას დაგვპირდა, თუმცა არ შეუსრულებია,’’- აცხადებს ლაგოდეხის მკვიდრი ნათელა ბაღაშვილი.
ლაგოდეხელი გიორგი სეფიაშვილის თქმით, წვიმიანი ამინდების დროს ონკანზე წყალს ნაგავი მოყვება:
,,წვიმის დროს ონკანზე პირდაპირ ნაგავი მოდის წყლის მაგივრად. ერთი ჭიქა წყალი რომ ავიღოთ ნახევარ საათზე მეტი გვაქვს მოშვებული რომ ცოტა დაიწმინდოს. ეს პრობლემა წლებია და აქამდე არავინ დაინტერესებულა მისი მოგვარებით,’’- განაცხადა გიორგი სეფიაშვილმა.