ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ,,დელტას” მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ გადაეცემა

გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ზემოქმედების წერტილების პოზიციების მოწყობა წინასწარ შერჩეულ ადგილებზე, სოფლებში სოფელ თავწყაროსა და ქვემო ქედში, დაიწყება. 

მათივე თქმით, კახეთის რეგიონში სულ 83 ერთეული ასეთი წერტილი განთავსდება, რომლებიც გეოფიზიკის ინსტიტუტისა და ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის რეკომენდაციით და დასკვნების მიხედვითაა შერჩეული. 

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ჯავახიშვილის ინფორმაციით, დედოფლისწყაროში, სისტემის პირველი სატესტო სროლები აპრილში განხორციელდება, სრულ ფუნქციონირებას კი ზაფხულიდან დაიწყებს. 
მისივე განცხადებით, ახალი რადარები სეტყვისაგან მიყენებულ ზარალს 85-95 % -ით შეამცირებს. პროექტს მონიტორინგს ეკონომიკის სამინისტრო გაუწევს: 
,,კახეთის რეგიონს სეტყვა, თითქმის, ყოველწლიურად აზარალებს. გამონაკლისი არც ჩვენი მუნიციპალიტეტია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დედოფლისწყაროში გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან არსებობდა და გლეხი დაზღვეული იყო. ძველი დანადგარები განადგურდა და დღის წესრიგში ახალი და თანამედროვე სისტემის შექმნა დადგა. დღევანდელმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და ახალი, უფრო უსაფრთხო სისტემა შექმნა. თანამედროვე დანადგარს საეჭვო ღრუბლის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის სადგური გააჩნია. მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ზემოქმედების წერტილები განთავსდება, მათი მართვა კი თბილისიდან მოხდება. დედოფლისწყაროში, სოფელ თავწყაროსა და ქვემო ქედში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში, ოცამდე ასეთი წერტილის მოწყობა იგეგმება,“- განუცხადა knews.ge-ს ზვიად ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას სასოფლო-სამეურნეო მიწებს მუნიციპალიტეტი უსასყიდლოდ გადაეცემა:
,,აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიზანია უსასყიდლო სარგებლობაში აღნაგობის ფორმით მიწების გადაცემა. ეს სახელმწიფო პროექტია და კომერციული მიზანი არ გააჩნია. შესაბამისად, აღნიშნული პროექტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლებს არ ველოდებით,” – განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ზვიად ჯავახიშვილმა.