კახეთში 19 წლის მამაკაცს არასრულწლოვანი გოგონას და ბიჭის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
არასრულწლოვანს თანაკლასელებთან ურთიერთობა ჰქონდა მანამ, სანამ მისი გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა. მშობლების განცხადებით, სახლთან ახლოს მდებარე სახლი არასრულწოვანს ცუდ მოგონებებს ახსენებს. დაზარალებულის დედა ამტკიცებს, რომ 2014 წლის სექტემბერში 19 წლის მამაკაცმა მათ შვილი სწორედ ამ შენობაში გააუპატიურა.
„ამ ამბავზე მთელი სოფელი ლაპარაკობდა. შემდეგ ჩემმა შვილმა მითხრა, მე გამხადა შარვალი მოკვლით მემუქრებოდაო. გავბრაზდი, იმ ბიჭის ოჯახში წავედი და ვუთხარი, თქვენმა შვილმა მეხუთე კლასელი ბავშვი გამიუპატიურა თქო. ასე მიპასუხეს: შენი შვილი გოგო რომ იყოს, ჩემი შვილი ცოლად წაიყვანდაო. ეხლა რა ვქნათ? ვერაფრით დაგეხმარებითო. ისიც კი მითხრეს, პოლიციაში არ წახვიდეთ და ფულს გადაგიხდითო“, – ამბობს 11 წლის ბავშვის დედა „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
მშობლები აღნიშნავენ, რომ თავიანთი შვილის გაუპატიურების ამბავი იმ დღესვე გაიგეს და მელევე სამართალდამცავებსაც აცნობეს. ისინი იხსენებენ, რომ რამდენიმე დღეში მე-5 კლასის მოსწავლე სამედიცინო ექსპერტიზაზე წაიყვანეს, თუმცა ამ დრომდე მშობლებს არ იციან, რა დასკვნა დადო ექსპერტიზამ და დაიწყო თუ არა ამ ფაქტზე გამოძიება.
„რომ წამოვედით, მითხრეს, პასუხს გაგაგებინებთო. იმის შემდეგ აღარ გამოჩენილან. არც დაურეკავთ. რამდენჯერმე კიდევ მივედი. პასუხი მაინც არ მითხრეს. მე ვიცი, რომ იმან პოლიციელებს ფული გადაუხადა და ამიტომ დაივიწყეს ჩვენი საქმე“, – აღნიშნავს ბავშვის მამა.
19 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ბებია ადასტურებს, რომ მისმა შვილმა და სიძემ 1000 ლარი მას გამოართვეს იმ მიზნით, რომ ეს თანხა პოლიციელებისათვის მიეცათ.
„იმ პატარა ბიჭის ამბავზე ვიცი, რომ ფული გადაიხადეს. ჩემგან ისესხეს ფული, იქ მიიტანეს და ამიტომ არ დაიჭირეს“, – განმარტავს 19 წლის ახალგაზრდის ბებია.
„იმედის კვირის“ ჟურნალისტი იუწყება, რომ 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცს 17 წლის დეიდაშვილიც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 17 წლის გოგონა ამბობს, რომ ის თავისმა დეიდაშვილმა მუქარით და ძალის გამოყენებით მოიტაცა და შემდეგ გააუპატიურა.
„მემუქრებოდა, შენც მოგკლავ და მამაშენსაცო. თან დანა ჰქონდა. იმ სახლში რომ მივედით, ცოლ-ქმარი დაგვხვდა. ჩემს დეიდაშვილს უთხრეს, რატომ მოიყვანეს ეს გოგო? შენ ხომ ცოლი გყავსო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ცალკე ოთახში შემკეტეს. მე გამოქცევას ვცდილობდი, მაგრამ ის ქალი ჩემს დეიდაშვილს ეხმარებოდა. თმაში ჩამადო ხელი და უკან შემათრია”
17 წლის გოგონას დედა საგამოძიებო ორგანოებს ფაქტის გამოძიებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ დაზე შურს თავად იძიებს. ის იმასაც ამბობს, რომ სამართალდამცავებმა გოგონა ადვოკატის გარეშე დაკითხეს. თარჯიმანმა კი პოლიციას გოგონას მიერ მიცემული ჩვენების დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა.
„გოგო დისშვილმა გამიუპატიურა. თუ მას არ დაიჭერენ, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებს. წავალ და ჩემს დას მოვკლავ“, – აღნიშნავს 17 წლის გოგონას დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ფატს არ ადასტურებს. უწყებაში განმარტეს, რომ 17 წლის გოგონა დეიდაშვილს საკუთარი ნებით გაჰყვა.
19 წლის მამაკაცის ოჯახი კი ახალგაზრდას მიერ 11 წლის ბიჭის და 17 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. 11 წლის ბიჭისა და 17 წლის გოგონას ინტერესებს ერთი ადვოკატი იცავს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ საქმის მასალების გამოთხოვნის მიზნით საგამოძიებო ორგანოს წერილობით 9 მარტს მიმართა.
„არ იციან ექსპერტიზის პასუხი, რა შედეგი მოჰყვა მათ განცხადებას. მიმდინარეობს თუ არა განცხადება, ამაზე ჯერ პასუხი არ მიმიღია“, – აცხადებს ლოლა ტუსაშვილი.
17 წლის გოგონა ამჟამად სკოლაში არ დადის, რადგან თანაკლასელების რცხვენია. 11 წლის ბიჭი კი გაკვეთილებს მხოლოდ მამის ნებართვის შემდეგ ესწრება.