ახალი ამბები

თელავში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების ინვენტარიზაციის შესახებ იმსჯელეს

დისკუსიაზე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების ინვენტარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის სააღრიცხვო ბარათის შევსების წესზე ისაუბრეს.

,,შეხვედრაზე განხილული იყო ის სეგმენტები, რომლებიც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობისგან განსხვავებით, ამ დრომდე კანონით არ არის დაცული. სფერო ხუთ ძირითად სეგმენტს მოიცავს, როგორიც არის ზეპირსიტყვიერება, ხელსაქმე, მივიწყებული ტრადიციები და საშემსრულებლო ხელოვნება,’’-განაცხადა ორგანიზაცია, „მემკვიდრეობა მომავლისათვის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე ჩხეიძემ.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ის საკითხები, რომლებიც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობისგან განსხვავებით, ამ დრომდე კანონით არ არის დაცული. 

თელავის მერიის კულტურის სამსახურის, ფიქრია ყუშიტაშვილის განცხადებით, არამატერიალური კულტურული ძეგლების მოკვლევის სფერო მოიცავს ხუთ ძირითად სეგმენტს: ზეპირსიტყვიერებას, ხელსაქმეს, მივიწყებული ტრადიციებს და საშემსრულებლო ხელოვნებას. 

,,როგორც იქნა დადგა მომენტი საქართველოში, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ მატერიალურ კულტურულ ძეგლებზე, არამედ არამატერიალურ კულტურულ ძეგლებზე. ამ კუთხით აქამდე მოსახლეობის დაინტერესება დაბალი იყო,’’- განაცხადა ფიქრია ყუშიტაშვილმა.

თელავში, ასევე, განხორციელდება აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპიც, რომელიც დაინტერესებული პირების საველე სამუშაოზე გასვლას და ქალაქში არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევას გულისხმობს, უფრო ზუსტად კი თელავის მაცხოვრებლების სულიერი კულტურის, ტრადიციების, გამოხატვის ფორმების, ტრადიციული ხელსაქმის და ოსტატობის, რიტუალების, მითების, ლეგენდების კვლევას, ფიქსაციასა და პოპულარიზაციას.