კახეთის გუბერნატორი გურჯაანში ფერმერებს შეხვდა
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის და შპს „მექანიზატორის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი შიოლაშვილის თქმით, კახეთში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაიწყო, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კი რეგიონში 20 ათას ჰექტარზე მეტი მიწის დამუშავება იგეგმება.
მისივე თქმით, წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპი განხორციელდება, რომელიც სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებს.
,,ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება მცირემიწიან ფერმერთა დახმარების თვალსაზრისით და ჩვენი უპირველესი მიზანიც არის ის, რომ არცერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ კახეთის რეგიონში 72 ათასი ოჯახი ისარგებლებს. ჩვენ დავათვალიერეთ ადგილზე ტექნიკა, რომ გაგვეგო მზად არის თუ არა ის ამ გამოწვევისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ტექნიკა იმდენი საკმარისად საქართველოს და შეუძლია თავისუფლად გაუმკლავდეს ყველა გამოწვევას,”- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა
შპს „მექანიზატორის“ დირექტორის, ზვიად ჩხაიძეს თქმით, კომპანია აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში რათა ბენეფიციარებმა შეუფერხებლად მიიღონ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება.
მისივე თქმით, სერვის ცენტრი მზად არის ბენეფიციარებს ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს.