ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უწყებაში მეუღლის დაქალების დასაქმებას უარყოფს
კახა ჯამბურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ვალერი შოშიაშვილი დეზიფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკოსი ამით ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას:
“გამგეობაში არავინ მუშაობს ისეთი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ჩემი მეუღლის დაქალი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დასაქმებულ თანამშრომელთა უმრავლესობა ჩემს მეუღლეს პირადად არც კი იცნობს. ამიტომ, ეს არის ცრუ ინფორმაცია, ვურჩევ გადაამოწმონ აღნიშნული ინფორმაცია და გააშუქონ,” – განაცხადა გამგებელმა.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის’’ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვალერი შოშიაშვილმა, რამდენიმე კვირის წინ ლაგოდეხის გამგებელი ნეპოტიზმში დადანაშაულა და ადმინისტრაციულ შენობას “ჩემი ცოლის დაქალების დასაქმების ბიურო”უწოდა.
ვალერი შოშიაშვილმა ლაგოდეხის გამგებლის მეუღლის დასაქმებული დაქალების ვინაობაც გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უწყებაში გამგებელის მეუღლის 6 მეგობარი, მათ შორის, მეორე ბაგა ბაღის გამგე ლიკა ხვედელიძე, აიპი ორგანიზაცია “ბაღების გარეთიანების სპეციალისტი” თეა ჭანკოტაძე და მარინა პოზოიანი სწორედ კახა ჯამბურიას რეკომენდაციით იქნა დასაქმებული.
,,გამგებლის პრესკონფერენცია არის თავის მართლების რეჯიმში ყოფნა. ჯამბურიას სურვილი აქვს, რომ აღიდგინოს დაკარგული ნდობა, მაგრამ მერწმუნეთ მას გაცილებით მეტი პრობლემები აქვს ბიუჯეტთან დაკავშირებით ვიდრე ცოლის დაქალების ნათესავების დასაქმება,’’– განუცხადა knews.ge-ს ვალერი შოშიაშვილმა.