ახალი ამბები

წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაციისა და საქონლის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის, ლაშა ავალიანის თქმით, ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია” არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიზნებია: ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა ზოონოზური დაავადებებისაგან, გლეხური და ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერა და ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის დანერგვა.

,,ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წლის მანძილზე დაგეგმილია 5 დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის, ასევე 2 დაავადებაზე ლაბორატორიული კვლევის პროცესი. ბოლო წლებში ქვეპროგრამის ფარგლებში აქტიურად ხორციელდება ვაქცინაცია და 2014 წლის შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება: ჩატარდა 130,000-ზე მეტი კვლევა ბრუცელოზზე; დაავადება თურქულზე აიცრა 1,600,000-ზე მეტი მსხვილფეხა და 1,000,000-ზე მეტი წვრილფეხა პირუტყვი; ცოფზე აიცრა 240,000 კატა და ძაღლი; ჯილეხზე აიცრა 400,000 მსხვილფეხა, 550,000 წვრილფეხა პირუტყვი და 5,000 ცხენი, ”- განაცხადა ლაშა ავალიანმა.

მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლაბორატორიულ კვლევებს. დაავადების საეჭვო შემთხვევების გამოვლინებისას ჩატარდება ცხოველებიდან აღებული შესაბამისი მასალის (სისხლი, ნაცხი, ქსოვილი და სხვა) ლაბორატორიული კვლევა სხვადასხვა დაავადებების სადიაგნოსტიკოდ (მათ შორის ზოონოზურ დაავადებებზე); შედეგად მოხდება ამა თუ იმ დაავადებების დადასტურება ან უკუგდება და შესაბამისი ღონისძიებების დროული და კვალიფიციური დაგეგმვა-განხორციელება;
,,აქტიურად მიმდინარეობს ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროცესიც. 2012-2014 წწ განხორციელდა 1,292,754სული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია საყურე ნიშნით. მიმდინარე წელს იგეგმება კიდევ 350,000 სული მსხვილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია და სადგომების რეგისტრაცია, მონაცემთა ელექტრონული ბაზის დანერგვა, იდენტიფიცირებული საქონლის რეგისტრაცია და პასპორტიზაცია; ცხოველთა იდენტიფიკაცია – რეგისტრაციის პროცესი მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის სრულყოფისათვის,”- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.