ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე ქურციკის მოკვლაში ეჭვმიტანილი თელაველია
ის თელავში მცხოვრები მოქალაქეა. საგამოძიებო ორგანო მას ბრალს საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ წაუყენებს.
„როდესაც შეგროვდება სათანადო მტკიცებულებები და გამოძიებას ექნება ყველანაირი სამხილი, სავარაუდო ეჭვმიტანილს დააკავებენ. ის თელავში მცხოვრები ჩვეულებრივი მოქალაქეა. გამოძიება მიმდინარეობს“, – განუცხადა knews.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, შორენა ჯახუამ.
27 იანვარს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებთან ახლოს, ბრაკონიერებმა ქურციკი, იგივე ჯეირანი მოკლეს. საქმეზე მოკვლევას დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც უკანონო ნადირობას გულისხმობს.
ნადირობა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ ცხოველთა სამყაროს ობიექტზე ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ქურციკი წითელ წიგნშია შეტანილი და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით, ჯეირანზე ნადირობა აკრძალულია.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვასილ ფიროსმანაშვილი აცხადებს, რომ ქურციკების გადაადგილება კონტროლდება ცხოველის კისერზე დამაგრებული სპეციალური სატელიტური გადამცემების საშუალებით, რომელიც ყოველ 12 საათში ერთხელ გადასცემს იმპულსს.
ფიროსმანაშვილის მტკიცებით, სატელიტთან კავშირი სწორედ 27 იანვარს გაწყდა. მან ჯეირანის მოკვლის ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თებერვალს აცნობა, თუმცა პოლიციას დამნაშავე ამ დრომდე ვერ დაუკავებია.