ახალი ამბები

მერებმა და გამგებლებმა პრემიერისგან დავალება მიიღეს

ქალაქების მერებმა და მუნიციპალიტეტის გამგებლებმა პრემიერ მინისტრისაგან დავალება მიიღეს: ,,ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების დაჩქარება, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია, საკურორტო სეზონისთვის მზადება, საბიუჯეტო შესრულების კუთხით გააქტიურებ,” – აღნიშნულ საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღება პრემიერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაამახვილა.
ღარიბაშვილისვე განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა შეისწავლა რეგიონებში არსებული ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი და გამოიკვეთა პრიორიტეტები:
,,უახლოეს მომავალში დავიწყებთ რეგიონული განვითარების გეგმების საზოგადოებისთვის წარდგენას, რომელიც ყველა რეგიონისთვის მზადდება. გეგმაში სრულად არის ასახული ის პოტენციალი, რომელიც რეგიონში არსებობს. ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით. ეს ინიციატივა გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციას, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების უზრუნველყოფას, ბუნებრივ რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მაქსიმალურ მხარდაჭერას,“–განაცხადა პრემიერ მინისტრმა შეხვედრაზე.