კახეთის ენერგოდისტრიბუცია შესაძლოა, ენერგო პრომ შეისყიდოს
ბიზნესმენი ამბობს, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის გამანაწილებელი ენერგოობიეტების პრივატიზაციისას შეცდომა აღარ უნდა დაუშვას და ამ ბაზარზე კონკურენცია გაზარდოს. “ძალიან მნიშვნელოვანია ენერგომატარებლების კომპონენტი ბიზნესისთვის. იყო საუბარი კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის პრივატიზაციაზე. კახეთის ენერგოკომპანიაზე მივიღეთ პასუხი, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უკვე ინტერესი გამოხატული აქვს “ენერგოპროს”. ეს კომპანია უმსხვილესია რეგიონებში ელექტროენრგიის დისტრიბუციით. მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ამ ბაზარზე კონკურენტები დავინახოთ. ძალიან ბევრ ინვესტიციას მოითხოვს ქვეყანაში მთლიანი ქსელის რეაბილიტაცია. კიდევ კახეთის დამატება, როცა ამდენი ინვესტიაციაა გასაკეთებელი? კარგია, შეცდომები აღარ დაუშვან “ენერგო-პროსთან” და ინვესტიციების განხორციელება მოვთხოვოთ”, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა “თბილისი მერიოტში” ბიზნესასოციაციის ინიციატივით ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“კახეთის ენერგოდისტრიბუცია” მთელს რეგიონს ელეტქროენერგიით ამარაგებს. ამჟამად კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და 117 058 აბონენტს ემსახურება.
“ენერგო პრო ჯორჯია” კი ელექტროენერგიას ანაწილებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და, ქვემო ქართლის რეგიონებში და 971 000 აბონენტს ემსახურება. ამასთანავე, კომპანია საქართველოში ფლობს 15-მდე ჰესს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.
2006 წლის 31 ივლისს კომპანია 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა. დღეს “ენერგო პრო ჯორჯია” საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.

