ქალაქებს თელავსა და კატავბას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტი აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის, ,,ნარჩენების მართის ტექნოლოგიები რეგიონებში’’ ფარგლებში დამტკიცდა. თელავის მერის, პლატონ კალმახელიძეს განცხადებით, მყარი ნარჩენების მართვის პროცესში კვალიფიციური ადამიანების ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს თელავი გახდეს ყველაზე სუფთა ქალაქი:
,,თელაველების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთაა ქალაქის დასუფთავება, მასზე ზრუნვა და ჩვენი პრიორიტეტიც ეს არის. ამიტომ, გვჭირდება კვალიფიციური ადამიანების დახმარება და მათი გამოცდილების გაზიარება. რაც შეეხება ქალაქ კატავბას, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, პირველია ნარჩენების მართვის გამოცდილებით, ამიტომ მოეწერა ხელი ამ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს ნარჩენების მართვის კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. ისინი, მზად არიან, გაგვიზიარონ თავიაანთი გამოცდილება თუ როგორ გახდნენ პირველები საკუთარ შტატში,’’ – განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
ქალაქ კატავბას მმართველის, თომას ლუნდის განმარტებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ორი ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პარტნიორობის ჩამოყალიბებას, რათა ამ გზით მოხდეს ქალაქ თელავის შესაძლებლობების ზრდა, ტექნიკური დახმარების მიღება და ისეთი სამართლებრივი ცვლილებების განხორციელების გზების გამონახვა, როგორიც არის ადგილობრივი და რეგიონული სტრატეგიების, პოლიტიკის გეგმებისა და ქმედებების შემუშავება:
,,ჩვენ გვაქვს გამოცდილება მყარი ნარჩენების მართვის, განთავსების და განცალკევების ანუ სეპარირების კუთხით, რათა ამის შედეგად მოხდეს მისი ადვილად გადამუშავება. ამ პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც დავეხმარებით ქალაქის მერს თელავის დასუფთავების მხრივ ხედვის განვითარებაში. ჩვენ, ასევე, გავაცნობთ ამ კუთხით რა იდეები გვაქვს და რისი გაკეთება შეიძლება. პროექტი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები კი რეგიონებში მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნაჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში, ‘’ – განუცხადა knews.ge-ს თომას ლუნდიმ.
პროექტის ხელმძღვანელის, რობერტ ბოდოს თქმით, პროექტს ანხორციელებს international City/ County Management Association (ICMA), CENN-თან ერთად აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით:
,,კახეთში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, განხორციელდება პილოტური ღონისძიებები ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და ნაგავსაყრელებიდან სითბური აირების შესამცირებლად,’’ – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას რობერტ ბოდომ.
ცერემონიას, აშშს განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილე ვერონიკა ლი,(USAID)-ის წარმომადგენელი თამარ ბარბაქაძე, თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, ქალაქ კატავბას მმართველი თომას ლუნდი და პროგრამის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.