სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტებში ღვინის კონტროლი დაიწყო
სააგენტოს ინფორმაციით, წელს უპრეცედენტო მასშტაბის – 8 000 ობიექტის შემოწმება იგეგმება. სააგენტომ კვების ობიექტების მოულოდნელი შემოწმება უკვე დაიწყო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
სააგენტოს უფროსის, ზაზა დოლიძის თქმით, დაგეგმილია ალკოჰოლური სასმელების 400 ნიმუშის აღება და აკრედიტებულ ლაბორატორიაში უვნებლობისა და ხარისხის პარამეტრებზე ლაბორატორიული კვლევა. მისივე განმარტებით, ღვინის ნიმუშების აღება კვების ობიექტებიდან (რესტორანი, კაფე და ა.შ.) და ღვინის სარეალიზაციო პუნქტებიდან მოხდება.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა ინტერესებისა და ქართული ბაზრის ფალსიფიკაციისაგან დასაცავად ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ფართომასშტაბიანი შემოწმება დაიწყო. ღვინოზე მონიტორინგი აქამდეც ხორციელდებოდა, მაგრამ 2015 წლიდან განსაკუთრებული კონტროლი იქნება ჩამოსახმელ ღვინოზე, რომელიც ღვინის სარეალიზაციო ობიექტებს მოიცავს. კანონმდებლობის შესაბამისად, მწარმოებლებს ხარვეზის გამოსასწორებლად რეკომენდაციები მიეცემათ. თუ არ გამოასწორებს, მაშინ 400 ლარით დაჯარიმდება. გადაუხდელობის შემთხვევაში ეს თანხა გაორმაგდება. ჯარიმის მაქსიმალური თანხა 1 200 ლარია,” – აღნიშნა დოლიძემ.