თელავში საჯარო დისკუსია თემაზე ,,სოციალური მედია და ადგილობრივი ლიდერები” გაიმართა
თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, საჯარო დისკუსია თემაზე ,,სოციალური მედია და ადგილობრივი ლიდერები” გაიმართა. შეხვედრის მიზანს ადგილობრივი ლიდერების გამოვლენისა და წარმატების საკითხში საზოგადოებაში სოციალური მედიის მნიშვნელობის ახლებური გააზრება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე ახალგაზრდა ბლოგერებმა, რატი და ზურა თეგერაშვილებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და საზოგადოებაში სოციალური მედიის როლზე ისაუბრეს. ,,შეხვედრაზე ვისაუბრეთ სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, რა არის ბლოგი, როგორ უნდა შექმნა და მართო ის. გარდა ამისა, ვისაუბრეთ სხვადასხვა სოციალური ქსელებისა და ბლოგერების შესახებ. დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება გახდნენ წარმატებული ლიდერები ბლოგის საშუალებით,”– განუცხადა Knews.ge-ს ბლოგერმა რატი თეგერაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკოორდინაციო გუნდმა, დამსწრე საზოგადოებას, ,,მედიის განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებული ბლოგერთა კონკურსის შესახებ სახელწოდებით „ქალები ცვლილებებისათვის“ ინფორმაცია მიაწოდა.
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, მაია ფურცხვანიძეს თქმით, აღნიშნული კონკურსის მიზანია ადგილობრივი ლიდერი ქალების გამოვლენა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა რატი და ზურა თეგერაშვილების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟანი ფილმების და მათ მიერ მომზადებული ვიდეო ბლოგების ჩვენება.