კახეთის რეგიონის სასწავლებლებში სტუდენტების რიცხვი მცირდება
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის კლება 2011 წლიდან დაიწყო. 2011 წელს თესაუს საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელი 602 აბიტურიენტი გახდა. 2012 წელს კახეთის ერთადერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 442-მა აბიტურიენტმა ჩააბარა. 2013 წელს 360 მეთორმეტე კლასელი გახდა თესაუს სტუდენტი, 2014 წელს კი – მხოლოდ 179.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი გიორგი გოცირიძე სტუდენტთა რაოდენობის შემცირებას სუბიექტურ ფაქტორებს უკავშირებს. გოცირიძის შეფასებით, ეს იმ არასწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში ხორციელდება. ის ამავე დროს საუბრობს უნივერსიტეტის მართვის არაკომპეტენტურობასა და დაბალ პროფესიონალიზმზე. თესაუს ექსრექტორის მტკიცებით, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაბალი ხარისხის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი არასწორი მენეჯმენტია.
„რადიკალურად უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპი: თანამდებობაზე დანიშვნის, არჩევის დღემდე მიღებული ერთადერთი კრიტერიუმი – მორჩილება უნდა ჩაანაცვლოს კვალიფიკაციამ, პროფესიონალიზმა, შემოქმედებითობამ, რაც გამოხატული უნდა იყოს თვლადი ინდიკატორებით. უნივერსიტეტმა უარი უნდა თქვას მორჩილი უმრავლესობის შექმნის, ნებისმიერ ფასად თანამდებობების შენარჩუნების, კანონის თავისთავზე მორგების, კრიტიკის მიუღებლობის მავნე ტენდენციებზე. თავისი საქმიანობის ძირითად ორიენტირად უნდა აქციოს სწრაფვა პროგრესისაკენ, რაც ვერ მიიღწევა თვლადი ინდიკატორების სისტემის დანერგვის გარეშე. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტრტში შექმნილი კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, სასწავლებელს შესწევს ძალა, შესაბამისი, სახელმწიფოებრივად მოტივირებული, ღონისძიებების გატარების შემთხვევაში, განვითარების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს, რომელიც ხელოვნურად შეწყდა რამდენიმე წლის წინ“, – აცხადებს გიორგი გოცირიძე.
თელაველი მწერალი, ტორესა მოსი განმარტავს, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს კონკურენტუნარიან განათლებას ვერ აძლევს. მწერალი მიიჩნევს, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სტუდენტები უმაღლესი განათლების მისაღებად სხვა უნივერსიტეტებში მობილობის წესით გადადიან. ტორესა მოსი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობას ურჩევს, რომ ყურადღება გაამახვილოს ერთ კონკრეტულ სპეციალობაზე, რომელიც სტუდენტს ხარისხიან და ამავე დროს საერთაშორის სტანდარტებთან შესაბამის განათლებას მისცემს.
„დღეს უნივერსიტეტში არ არსებობს არც ერთი მიმართულება, სადაც სტუდენტს შეუძლია ჩააბაროს და რეალურად კონკურენტუნარიანი განათლება მიიღოს და აქ საუბარი არაა საერთაშორისო სტანდარტებზე, თვით ქართულ რეალობაშიც კი, უნივერსიტეტში მიღებული განათლება არაა საკმარისი, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან კადრად ჩამოყალიბდეს. მეორე არის საკითხის წმინდა მენეჯერული გადაწყვეტა, კერძოდ, უნივერსიტეტში დღეს ისწავლება უამრავი სხვადასხვა პროფესია და არც ერთი არ იძლევა სასურველ შედეგს. ამას სჯობს უნივერსიტეტი კონცენტრირდეს იმ სპეციალობებზე, სადაც ჰყავს კადრები და შეუძლია დამატებითი კადრების მოძიება. სჯობს უნივერსიტეტს ჰქონდეს ერთი ფაკულტეტი და საერთაშორისო სტანდარტის განათლებას იძლეოდეს, ვიდრე შვიდი და შვიდივე ერთმანეთზე უარესი“, – განმარტავს ვახტანგ მოსიაშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, ეკა სესეკაშვილი სწავლის დაბალ ხარისხს არ უჩივის, თუმცა მაინც აპირებს მობილობის წესით თბილისის სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადავიდეს. თესაუს დატოვების მთავარი მოტივაცია ეკასთავის დედაქალაში არსებული ის შესაძლებლობები და პერსპექტივაა, რომელიც, მისი აზრით, პროფესიონალ ჟურნალისტად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა.
„სწავლის ხარისხით ნამდვილად არ ვარ უკმაყოფილო. უბრალოდ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თბილისში მეტი შესაძლებლობები და პერსპექტივა არსებობს. იმისთვის, რომ კარგი ჟურნალისტი ვიყო, იქ გაცილებით მეტი საშუალებები არსებობს“, – აღნიშნავს ეკა სესეკაშვილი.
თესაუს საჯარო მმართველობის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი სოფო ბუღაძეც კმაყოფილია სწავლის ხარისხით,და ეკა სესეკაშვილისგან განსხვავებით უმაღლესი განათლების მიღებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს. სოფო ფიქრობს, რომ თესაუში შექმნილია ყველა ის პირობა, რათა სტუდენტი მაღალკვალიფიციურ, კონკურენტუნარიან სპეციალისტად ჩამოყალიბდეს. ის არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივა არ აქვთ და კონკურენციას ვერ გაუწევენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს.
„არ შემიძლია ცუდი ვთქვა და ცილი დავწამო ლექტორებს არაკვალიფიციურობაში, სიზარმაცეში და ლექციების გაცდენაში , როგორც ამას სხვა სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი აკეთებს . შეიძლება მათ ამისი საბაბი აქვთ . მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითსაც, როდესაც მე მაინტერესებდა კონკრეტულ საგანში რაღაც, ლექტორი შემხვდა დერეფანში, ბოდიშის მოხდით შევაყოვნე და კითხვა, რომელიც მქონდა, დავუსვი , მას შეეძლო ამ კითხვაზე პასუხი მოკლედ გაეცა , რომ ეს არის ასე , მაგრამ ეს ასე არ მოხდა, იგი გაჩერდა ჩემთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იყო იმ კითხვაზე ამომწურავი პასუხისთვის და ეს იყო სხვადასხვა საგანში არაერთხელ,“ – აცხადებს სოფო ბუღაძე.
ეკასგან განსხვავებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სწავლის დაბალი ხარისხის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუმცა საკუთარი ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებს. ის, ასევე პროტესტს გამოხატავს სტუდენტური ცხოვრების პასიურობის გამო და აღნიშნავს, რომ, თუ შესაძლებლობა მიეცემა, მობილობის წესით თბილისის რომელიმე წამყვან უმაღლეს სასწავლებელში გადავა.
,,სტუდენტი ამ უნივერსიტეტში მაღალი დონის განათლებას ვერ მიიღებს. სწავლის მოტივაციაც დაკარგული გვაქვს, რადგან გამოცდების დროს არავინ არ გვაკონტროლებს და თავისუფლად ვიწერთ. სტუდენტს კი, აუცილებლად უნდა მოსთხოვო, რომ ისწავლოს. II კურსზე საგამოცდო ცენტრი გვიტარებდა გამოცდებს და მაშინ ყველამ დავიწყეთ სწავლა. ამჟამად კი, ლექტორები გვიტარებენ გამოცდებს. გარდა ამისა, სტუდენტური ცხოვრება თითქმის არ არის. ამ მხრივ ეს უნივერსიტეტი თბილისის სხვა უმაღლეს სასწავლებლებს ვერც კი შეედრება”, – აღნიშნავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ თესაუში სწავლის დაბალი ხარისხია, რომელიც განაპირობებს სტუდენტთა რაოდენობის კლებას. თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, შალვა ჭკადუა სტუდენტთა რაოდენობის შემცირების მთავარ მიზეზად უმაღლესი სასწავლებლის იმიჯის შემლახველ მიზანმიმართულ წარმოებულ კამპანიას ასახელებს. ჭკადუა მედიასაც საყვედურობს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ხშირ შემთხვევაში არასწორი ინტერპრეტაციით აშუქებენ და საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან.
„აბიტურიენტი უნივერსიტეტს იმიჯის მიხედვით ირჩევს. ამ იმიჯს ბათუმში, ახალციხეში, გორში მთელი რეგიონი უფრთხილდება. როდესაც მშობლებს ესმით, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი იხურება, ისინი თავიანთ შვილებს ჩააბარებინებენ ამ უნივერსიტეტში? გარდა ამისა, იყო ხოლმე ასეთი განცხადებები, რომ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, ფაკულტეტმა დაკარგა აკრედიტაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ეს უნივერსიტეტის იმიჯზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. მობილობის წესით გადასულთა დაახლოებით მხოლოდ 10% ტოვებს თელავის უნივერსიტეტს იმის გამო, რომ უფრო კარგად ისწავლოს. გარკვეული ნაწილი კი ამბობს, რომ მე აქ რა მინდა და თბილისში უნდა ვისწავლო. ზოგიერთის მეგობარი ჩაირიცხა თბილისის რომელიღაც უნიუვერსიტეტში და მასთან ერთად სურს სტუდენტობის წლების გატარება. ზოგიერთს ფინანსური მდგომარეობაც უწყობს ხელს და მშობელიც ხელს უწყობს, რომ თბილისში მიიღოს განათლება. მე არ მგონია, რომ ვინმე იმის გამო გადადის ამ უნივერსიტეტიდან რომ სწავლის ხარისხით უკმაყოფილოა. აკადემიური პერსონალის მაღალკვალიფიციურობა, საგანმანათლებლო პროგრამების მაღალი ხარისხი, ეს ის ფაქტორებია, რომელიც განაპირობებს ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის მაღალ ხარისხს ”, – აღნიშნავს შალვა ჭკადუა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, უნივერსიტეტების ჩამონათვალი თავიანთ განაცხადში შეცვალონ. ჭკადუა მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორიც სტუდენტების რაოდენობის მხრივ ნეგატიურად აისახება რეგიონულ უნივერსიტეტებზე.
თესაუს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირმა შიოშვილი კი, ყურადღებას ამახვილებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გატარებულ იმ რეფორმებზე, რომელიც, მისი აზრით, განაპირობებს სტუდენტთა რაოდენობის ზრდას.
„სტუდენტების მიმართ მატულობს მოთხოვნა, რომელიც პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული სწავლის ხარისხთან. ვამკაცრებთ სწავლებას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. სტუდენტების დიდ რაოდენობისთვის კი ეს მისაღებია. გარდა ამისა, ეკონომიკის მიმართულებით ვმუშაობთ, რომ შეიქმნას სერიოზული ჯგუფი, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად არ მოვიკოჭლებთ. ნანა რინკიაშვილის თაოსნობით სოლიდური ჯგუფი გვყავს, მაგრამ გვსურს, რომ სადოქტორო პროგრამა შევქმნათ გამოყენებით ეკონომიკაში, ამიტომ 2-3 ადამიანი გვყავს მაია გონაშვილის მეთაურობით. სამართლის მიმართულებით მოველაპარაკეთ პროფესორებს – დავით ბოსტოღანაშვილსა და ნინო ბაღიშვილს, სამართლის საბაკალავრო პროგრამა ისევ უნდა აღდგეს ჩვენს უნივერსიტეტში. ჯგუფი უკვე მუშაობს“, – აცხადებს ირმა შიოშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კი, ისევ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ახალ სასწავლო წელს თესაუში კიდევ უფრო შემცირდება სტუდენტთა რაოდენობა, თუ კახეთის ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი კონტინგენტის კლების რამდენიმე წლიან ტენდენციას დაარღვევს და კრიზისული სიტუაციიდან გამოვა.