ახალი ამბები

ყიტაანში პირუტყვის სიკვდილიანობის მიზეზებს სპეციალური ჯგუფი სწავლობს

სააგენტოს წარმომადგენლები სიტუაციის ადგილზე გასაცნობად სოფელ ყიტაანს ესტუმრნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ. სპეციალური ჯგუფის წევრებმა ადგილობრივებს დაავადებული საქონლის ხორცის რეალიზაციისგან თავის შეკავება სთხოვეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელის, ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ლაშა ავალიანის თქმით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია მსხვილფეხა საქონელის მასობრივად დახოცვის მიზეზი. 

,,ჩვენ გავესაუბრეთ მოსახლეობას და ვთხოვეთ, რომ პირუტყვის დაცემის ფაქტის კიდევ ერთხელ განმეორებისას მოგვმართონ, რათა მოვახდინოთ ნიმუშების აღება და ჩავატაროთ კვლევა რასთან ვაქვს საქმე,”– განაცხადა ლაშა ავალიანმა.

სოფელ ყიტაანის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ბალახი, რითაც მსხვილფეხა საქონელი ყოველდღიურად იკვებება მოწამლულია.

,,სოფელში დღეში 5 ძროხა კვდება. ბოლო ერთი კვირაა 30 სულზე მეტი დაიხოცა, მიზეზი კი დაუდგენელია. ვფიქრობთ, რომ ბალახია მოწამლული”, – აცხადებს სოფლის მკვიდრი რომან ფუძეშვილი.