ახალი ამბები

ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამა იწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ფერმერებს მრავალწლიანი ბაღების გაშენებაში, მეხორცული ფერმებისა და მეცხოველეობის განვითარებაში დაეხმარება. კონკრეტულად კი შეირჩევა ის მიმართულებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სტრატეგიის ფარგლებში პრიორიტეტულია:
,,საუბარია ძირითადად საბაზო პროდუქტებზე, როგორიცაა ვაშლი, ქლიავი, ატამი, ასევე კენკროვნები და თხილეული, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. შეიძლება გვეფიქრა სხვა უფრო საინტერესო ბაზებზეც, მაგრამ კონკრეტული ტრადიციული ბაზებით ვართ შემოსაზღვრული იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმარისი პირველადი წარმოება. გადამამუშავებელი მრწეველობისთვისაც ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რადგანაც მაღალხარისხიანი სანედლეულო ბაზის კრიტიკული რაოდენობა არ არსებობს“,- აცხადებს დავითაშვილი.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომლის დახმარებასაც სახელმწიფო გეგმავს, მეცხოველეობა და ხორცის წარმოებაა. დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ფერმერების წახალისება, რომლებიც აპირებენ ამ მიმართულებით განვითარებას.
„სახელმწიფო დაეხმარება კონკრეტული კულტურის მოყვანაში, კონკრეტული ბაღის გაშენებაში დახმარებები. ეს იქნება მიზნობრივი პროგრამები კულტურების დარგების მიხედვით, ის რაც მნიშვნელოვანია და რისი წახალისებაც გვინდა, რაშიც ჩვენ ვხედავთ სუსტ წერტილებს და რისი განვითარებაც გვინდა“,- აცხადებს დავითაშვილი.
რაც შეეხება სახელმწიფოს თანადაფინანასებას, დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს თანამონაწილეობა საკმაოდ დიდი იქნება.