თელავში გარემოსდაცვითი პროექტის შედეგებზე იმსჯელეს
კონფერენციას კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგეობების, პროექტში მონაწილე და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“ -ს გამგეობის წევრის, ლელა ჯანაშიას თქმით, პროექტი მათმა ორგანიზაციამ თელავის მუნიციპალიტეტსა და „კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით და ევროკავშირისა და ლიხტენშტეინის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
,,2012 წელს ორგანიზაციამ „თემი და გარემო“ წამოიწყო პროექტი, რომელმაც საერთო გარემოსდაცვითი პრობლემების გამოვლენისა და მათი ერთობლივი ძალებით გადაჭრის შესაძლებლობების განხილვის მიზნით კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გააერთიანა. პროექტის განხორციელების შედეგად ამაღლდა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ცოდნა და უნარ-ჩვევები თანამონაწილეობრივი განვითარების ასპექტებში, ასევე დამყარდა თანამშრომლობის ახალი ფორმა რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის. გარდა ამისა, ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა გარემოს დაცვასა და რეგიონის მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული რეკომედაციები. ასევე რაც მნიშვნელოვანია, სამიზნე მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებული საპილოტე პროექტების განხორციელების შედეგად კახეთის რეგიონში გადაიჭრა რამდენიმე გარემოსდაცვითი პრობლემაც,’’- განუცხადა knews.ge-ს ლელა ჯანაშიამ.
ლელა ჯანაშიას თქმითვე, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.