ახალი ამბები

მსოფლიო ბანკი საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე 50 მლნ დოლარს დახარჯავს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ გუდმანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ეგიდით განსახორციელებელი “საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი” განიხილეს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, პიტერ გუდმანის განცხადებით, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს: ,,საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და მიწის ბაზრის განვითარება. პროექტის ძირიდათ მიზანს საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა წარმოადგენს“. 
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში, პრაქტიკული სამუშაოები, უახლოეს პერიოდში დაიწყება:
,,სავარაუდოდ, ორ წელიწადში სამივე სარწყავი სისტემა სრულად რეაბილიტირებული იქნება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მსოფლიო ბანკი 31 მლნ ლარამდე გამოყოფს“. 
შეხვედრას გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი ლევან დვალი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრნენ.